უკანასკნელი დღეების განმავლობაში საიას ადვოკატებმა მოინახულეს გლდანის #8, რუსთავის #6, #16, #17, ქსნის #15 და ბათუმის #3 დაწესებულებების პატიმრები. 240 პატიმრის ახსნა-განმარტებები და განცხადება, რომელსაც 90 პატიმარი აწერს ხელს, გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას.
პატიმრები ასახელებენ იმ თანამშრომელთა სახელებს, გვარებსა და ზედმეტ სახელებს, რომლებიც მათი განცხადებით მონაწილეობას იღებდნენ არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებში. წარმოგიდგენთ პატიმართა მიერ დასახელებული პირთა სიას დაწესებულებების მიხედვით. უცვლელად გთავაზობთ სიას და არ ვახდენთ იმ პირთა ამოღებას, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან.
პატიმართა მიერ დასახელებული პირები შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ დოკუმენტში.
საია მთავარ პროკურატურას ასევე კიდევ ერთხელ გადაუგზავნის საიას დაცვის ქვეშ მყოფ იმ პირთა სია, რომელთა საჩივრის საფუძველზე დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ამ დროისთვის შედეგები არ დამდგარა. ზოგიერთ მათგანზე გამოძიება 2009 წელს დაიწყო და დღემდე არაეფექტურად გრძელდება. საჩივრები შეეხება პატიმართა მიმართ სხვადასხვა პერიოდში, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებების (#18 სამკურნალო დაწესებულება, ქსნის #15 დაწესებულებაში, გლდანის #8 დაწესებულება) ადმინისტრაციის, ასევე პოლიციის მხრიდან ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უფლებების უხეშ დარღვევებს.
და ბოლოს, მთავარ პროკურატურას მივაწოდებთ დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილია სახალხო დამცველის 2006-2011 წლების ანგარიშებში მოყვანილი პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ასევე, მოცემულია ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებსაც პატიმრები ასახელებდნენ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან კავშირში. აღნიშნული დოკუმენტის მიზანი როგორც პროკურატურის, ასევე საზოგადოების კიდევ ერთხელ ინფორმირება და იმის ჩვენებაა, რომ არასათანადო მოპყრობა და მისი გამოძიება სისტემური და თანაც მრავალი წლის წინ დაწყებული პრობლემაა. ამას გარდა, პროკურატურისგან მოვითხოვთ თითოეულ ფაქტზე გვაცნობოს გამოძიების მიმდინარეობა და დამდგარი შედეგი.
სახალხო დამცველის 2006-2011 წლების ანგარიშებში მოყვანილი პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ დოკუმენტში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge