საია პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკვე არაერთი განცხადება გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობდით უკანონო ძალადობის ყველა ფაქტს და მოვითხოვდით შესაბამის რეაგირებას სამართალდამცავი უწყებებისაგან. ამისდა მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოები იჩენდნენ გულგრილ დამოკიდებულებას კანონდარღვევის ფაქტებთან მიმართებაში.

საია ამჯერად ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ 11 მაისს გაკეთებულ განცხადებას: „დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, მე შევთავაზე რადიკალურ ჯგუფებს მორატორიუმი საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს გადამეტებული პოლიტიკური ემოციების ნიადაგზე მომხდარი ყველა სამართალდარღვევის შემდგომ ძიებასა და სამართლებრივ დევნაზე.“

ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვის გარანტის მხრიდან, მსგავსი განცხადებით, მის მიერ დადებული ფიცის საწინააღდეგოდ, ხდება დაუსჯელობის გარანტირება და უკანონო ქმედებათა პირდაპირი წახალისება.

პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით და კანონმდებლობის გვერდის ავლით მსგავსი მორატორიუმის გამოცხადება ეწინააღდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. საქართველოში მცხოვრები ყველა პირი - მათ შორის და უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტი - ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებს.

დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა გულისხმობს მმართველობას კანონმდებლობის შესაბამისად და არა ხელისუფალის მიერ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით კანონის გვერდის ავლით მოქმედებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, განუხრელად დაიცვას ქვეყნის უზენაესი კანონი და არ გადაუხვიოს მის მოთხოვნებს, ხოლო დაუსჯელობის გარანტირების ნაცვლად, უზრუნველყოს კანონის აღსრულება და შესაბამისი უწყებების მხრიდან ადეკვატური რეაგირება სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge