6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა პარლამენტის წევრების, გურამ მაჭარაშვილისა და რატი იონათამიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად და მათზე აღარ გავრცელდება ის შრომითი გარანტიები, რომლებიც გათვალისწინებულია პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის. აღნიშნულ კანონპროექტზე ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება მისი დაჩქარებული წესით განხილვის, მათ შორის, ერთ დღეს ორი მოსმენით განხილვის თაობაზე.
მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და არ შეესაბამება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებულ პრინციპებს, რითაც უხეშად არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას.
„პროფესიული თანამდებობის პირების შემთხვევაში აუცილებელია, რომ მათზე დაკისრებული ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი ცოდნის, პროფესიის, კვალიფიკაციისა თუ სხვა შესაბამისი მახასიათებლების მქონე ადამიანმა.“ „ისინი არ წარმართავენ ქვეყნის პოლიტიკურ მიმდინარეობას, კურსს და თავისი შინაარსით არ არიან ხელისუფლების მატარებელნი. ყოველი არჩევნების შემდგომ ახალი კადრებით ჩანაცვლების რეალური შესაძლებლობა, არ წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს და, ზოგადად, კონსტიტუციის მოთხოვნას, ისევე, როგორც ის არ არის სახელმწიფოს ამოცანა, რომლის გამოც შესაძლებელია, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ძირითადი უფლება.“ „პროფესიული კადრების თვითნებური ჩანაცვლებადობა საერთოდ ვერ გამოდგება ლეგიტიმურ მიზნად, რომლის მისაღწევადაც შესაძლებელია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა გამართლდეს. შესაბამისად, თანამდებობის დაკავების თვითმიზნური შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს.“
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. პროფესიული საჯარო მოხელეების დანიშვნა ხდება პროფესიული ნიშნით, კონკურსის საფუძველზე, უვადოდ.
ამისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ითვლება ის, ვინც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში. ასეთი პირები ინიშნებიან თანამდებობის პირის უფლებამოსილების განხორციელების ვადით, კონკურსის გარეშე და მასთან ხელშეკრულების შეწყვეტისთვის დადგენილია უფრო დაბალი გარანტიები.
პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი დაფუძნებულია კარიერის პრინციპზე და აღნიშნული სტატუსის მქონე მოხელეები დაცული არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი არის საჯარო სამსახურის სტაბილურობის გარანტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, გარდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა, ადმინისტრაციის უფროსის და მისი მოადგილისა, სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა, წარმოადგენენ პროფესიულ საჯარო მოხელეებს, რადგან ისინი დაინიშნენ პროფესიული ნიშნით, კონკურსის საფუძველზე და მათი ფუნქციები დაკავშირებულია მუდმივი საჯარო სამართლებრივი ფუნქციების შესრულებასთან. ამდენად, მათი მიჩნევა დამხმარე ფუნქციების შემსრულებლებად, უხეშად ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დანაწესებს და ქმნის ძალიან საშიშ პრეცედენტს იმისა, რომ შესაძლოა მომავალში პარლამენტმა სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებითაც მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებები, რაც არსებისათ შელახავს მოხელის მიუკერძოებლობისა და მისი სამსახურის სტაბილურობის პრინციპს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი შესაძლოა წარმოადგენდეს პირდაპირ და მიზანმიმართულ ქმედებას იმისაკენ, რომ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების შემდეგ, მოხდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება და უკონკურსოდ, ახალი კადრებით დაკომპლექტება. სავარაუდო, აღნიშნულს ადასტურებს სწორედ ის, რომ კანონპროექტის განხილვა ხდება დაჩქარებული წესით.
აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს და შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და თავი შეიკავოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომლებიც ზიანს მიაყენებს საჯარო მოხელეების შრომით უფლებებს, მათ დამოუკიდებლობას და საჯარო სამსახურის სტაბილურობას.
საია აქვე გამოთქვამს მზადყოფნას, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების ინტერესები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge