საია პრემიის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილებას აფასებს
გვსურს გამოვეხმაუროთ პრემიის ოდენობის განსაზღვრის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა არ მიმდინარეობდა ღიად. საია წლების განმავლობაში ამ საკითხზე მუშაობს და ვფიქრობთ, რომ შიდა თუ საერთაშოროსო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მთავრობისთვის შეგვეძლო ღირებული რეკომედაციების მიწოდება. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ მთავრობის მხრიდან პრობლემური საკითხის გადაწყვეტის მცდელობა დადებით და წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი:
- მთავრობის დადგენილება მხოლოდ პრემიის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს და ის საერთოდ არ ეხება საჯარო სამსახურში ანაზღაურების დროს არსებული კიდევ ერთი პრობლემური ე.წ. „კანონით გათვალისწინებული დანამატის“ თემას. შესაბამისად, არსებობს ალაბათობა, რომ სამომავლოდ პრემიის გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები „კანონით გათავალისწინებულმა დანამატებამა“ ჩაანაცვლოს; იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ასე არ მოხდება. თუმცა, წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ნათლად განსაზღვრული სამართლებრივი ჩარჩოები აუცილებელია და მხოლოდ თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერებაზე ნდობა სასურველ შედეგებს არ იძლევა.
- საია მუდმივად აღნიშნვდა, რომ პრემიის გაცემის და ზოგადად საჯარო სამსახურში ანაზღაურების სისტემის დახვეწის მიზნით საჭიროა კანონის ცვლილება და მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის (მოცემულ შემთხვევაში მთავრობის დადგენილება) გამოცემა საკმარისი არ არის. მთავრობის დადგენილება სავალდებულოდ ვერ გავრცელდება ისეთ დაწესებულებებზე, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს საერთო სასამართლოები, საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და ა.შ. საიას მიაჩნია, რომ ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც დაფინანსებას სახელმწიფო, ავტონომიური ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან იღებს, მაქსიმალურად მსგავსი სტანდარტი უნდა არსებობდეს. აღნიშნულის მიღწევა კანონში სათანადო ცვლილების შეტანას მოითხოვს.
- საყურადღებოა დადგენილებაში არსებული ჩანაწერი, რომელიც პრემიის გაცემის საფუძვლებს ეხება. მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ასეთად ორი შესაძლო ვარიანტი მიიჩნევა. კერძოდ, ერთი ეს არის პრემიის გაცემა შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგად და მეორე პრემიის გაცემა დასაბუთების საფუძველზე. დადგენილების თანახმად, პრემიის გაცემა შესრულებული სამუშაოს შეფასების საფუძველზე იმ შეთხვევაში მოხდება, თუ კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემა არსებობს. თუმცა, იმ ფონზე როცა უცნობია, შესრულებული სამუშაოს შეფასების როგორ სისტემებს ფლობენ საჯარო დაწსებულებები და ფლობენ თუ არა საერთოდ, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ მთავრობას თავად განესაზღვრა ის მინიმალური სტანდარტი, რომლის დაკმაყოფილებაც პრემიის შეფასების საფუძველზე გაცემის შემთხვევაში დაწესებულებებისთვის სავალდებულო ხასიათის იქნებოდა;
- მთავრობის დადგენილებით პრემიის გაცემისთვის აუცილებელია მისი დასაბუთება და ასეთდ მიჩნეული იქნა შემდეგი - ,,გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში კონკრეტულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ". ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის ინფორმაცია სტატისტიკური ხასიათის მატარებელია და სინამდვილეში დასაბუთებას არ წარმოადგენს.
- დადგენილებაში ვრცლად არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება გასცეს პრემია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის წევრთათვის პრემიის გაცემაზე და მთავრობის წევრებისთვის პრემიის გაცემის წესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ცალკე განისაზღვრება. საიას მოსაზრებით მთავრობის წევრებთან მიმართებით მსგავსმა მიდგომამ, ერთის მხრივ, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს გადაწყვეტილების მიღების საჯაროობა. ხოლო მეორეს მხრივ ვერ უზრუნველყოს პრემიის გაცემის წესის სტაბილურობა მთავრობის წევრებთან მიმართებაში;
- დადგენილება განსაზღვრავს, რომ ერთჯერად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პირის თანამდებობრივ სარგოს და პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. საგულისხმობა, რომ დადგენილება მკაფიოდ არ განსაზღვრავს, თუ რა იგულისხმება ერთჯერად პრემიის გაცემის ოდენობაში. კერძოდ დადგენილებაში არ არის მითითებული, რომ გასაცემი პრემია არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ოდენობას. შესაბამისად, დადგენილების ბუნდოვანება, მანკიერი პრაქტიკის არსებობის პირობებში, არ გამორიცხვს ნორმის არასწორად, არაკეთილსინდისიერად ინტერპრეტაციის ალბათობას. კერძოდ, შესაძლებელია დაანგარიშება მოხდეს არა ერთი თვის, არამედ ერთი კვარტალის თანამდებობრივი სარგოდან.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, კვარტალურად პრემიის გაცემის გარდა პრემია შეიძლება გაიცეს ასევე არა უმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით. აღნიშნულ შემთხვევაში, დადგენილებაში მითითებული არ არის დასაბუთებისა და შეფასების საჭიროება. პრემიის ავტომატური მიბმა უქმე დღეებზე წინააღმდეგობაში მოდის ამავე დადგენილებით განმარტებულ პრემიის ცნებასთან, რომლის თანახმადაც პრემია არის - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. შესაბამიად, საჯარო დაწესებულებას უფლება ეძლევა, რომ წელიწადში სამჯერ პრემია გასცეს მხოლოდ ზღვრული ოდენობის წესის დაცვით და მხედველობაში არ მიიღოს თავად პრემიის განმარტებაში ასახული პრემიის ბუნება, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და მოცულბა;
- ამასთან, დადგენილება უშვებს შესაძლებლობას, რომ პრემიის გაცემა შეიძლება მთავრობის მიერ პრემიის გაცემის პერიოდულობისა და ოდენობისთვის დადგენილი წესისგან განსხვავებითაც. დადგენილება ითვალისწინებს გამონაკლისის დაშვებას, რომლის თანახმადაც, გამონაკლისის სახით პრემიის გაცემა შესაძლებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე ზემდგომ თანამდებობის პირთან. თუმცა, დაგდენილება არ განსაზღვრავს, თუ რამდენჯერ შეიძლება იქნეს გამოყენებული პრემიის გაცემის დროს ე.წ. „გამონაკლისის დაშვება“, რამდენ პირზე შეიძლება იქნეს გამოყენებული ერთი დაწესებულების შიგნით ერთდროულად გამონაკლისის დაშვება და რა იგულისხმება თავად „მოტივირებულ შუამდგომლობაში“.
საია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დარეგულირების მიზნით მიღებული დადგენილება ერთგვარ წინაგადაგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. თუმცა, მთლიანობაში ის ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც საჯარო სამსახურში პრემიის გაცემის წესთან არის დაკავშირებული. აღნიშნული გარემობა ნათლად მიუთითებს იმ სახის საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, რომლის შედეგადაც მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განისზაღვრება სახელმწიფო, ავტონომიური, თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ყველა საჯარო დაწესებულებაში პრემიის გაცემის ერთგავროვანი წესი.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge