საია “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” დასკვნას აქვეყნებს

2010 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ლ. თორდიამ, კ. ანჯაფარიძემ და ზ. კუკავამ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინეს კანონპროექტი “ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, რომელიც მოიცავდა კანონის პროექტს “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”.

კანონს ემატება ახალი მე-91 მუხლი, რომელსაც შემოაქვს ტერმინი შეჩერება და ზედაპირული შემოწმება. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს პოლიციის თანამშრომლის მიერ პირის შეჩერებას იმისთვის, რათა დადასტურდეს ან გაქარწყლდეს ეჭვი ამ პირის დანაშაულში მონაწილეობის შესახებ.

შეჩერებული პირი, მიუხედავად იმისა, რომ მას პრაქტიკულად შეზღუდული აქვს მიმოსვლის თავისუფლება და პოლიციელი აწარმოებს მის “არაფორმალურ” დაკითხვას, არ სარგებლობს ადეკვატური პროცესუალური უფლებებითა და გარანტიებით, ვინაიდან არ გააჩნია განსაზღვრული სტატუსი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მექანიზმის არსებული ფორმით შემოტანა “პოლიციის შესახებ” კანონში დაუშვებელია, ვინაიდან ის წარმოშობს შეუსაბამოდ მაღალ სირკს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თვითნებობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის.

ამის თავიდან აცილების მიზნით, საია საქართველოს პარლამენტს სთავაზობს კანონში შესატანი ცვლილების ახლებურ რედაქციას, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ინსტიტუტთან.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge