საია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს და მშვიდობიან დემონსტრანტებზე მომხდარ ძალადობას ეხმაურება
2014 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში (წვრილმანი ხულიგნობა) სამართალდამრღვევად ცნო ოთხი პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტში. კერძოდ, 8 იანვარს საპატრიარქოსთან გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს, რომლებიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ რიგ მოსაზრებებს აპროტესტებდნენ, კონტრდემონსტრანტებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვეს და დაუხიეს პლაკატები, ხელი შეუშალეს თავიანთი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პირთა მიერ ჩადენილი ქმედებები, სავარაუდოდ, შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს (მაგალითად, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა, მხ. 161), ამ ქმედებებს პოლიციის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდაღვევის კვალიფიკაცია მიეცა. სასამართლომ სამ კონტრდემონსტრანტს 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო მეოთხე პირის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
ზემოაღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვსურს, გავაკეთოთ რამოდენიმე განმარტება:
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრებები ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩენილ ბავშვებზე, ქალის როლსა და სექსუალურ უმცირესობებზე. მაგალითად, ეპისტოლეში ვკითხულობთ:
„შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.
პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.“
ასევე :
„ოჯახში ... იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული... ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას).“
მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მოსაზრებები დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობაც, რომელიც დამოკიდებულია პიროვნების მდგომარეობასა და იმ საშუალებებზე, რომელსაც იგი თავისი აზრების გამოსახატავად იყენებს. (CASE OF HANDYSIDE v. THE UNITED KINGDOM (Application no. 5493/72) 7 December 1976, para. 49)
იმ მაღალი ავტორიტეტისა და გავლენის გათვალისწინებით, რომლითაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სარგებლობს საქართველოს მოსახლეობაში, საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ აზრებს განსაკუთრებული გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და შესაბამისად, ეპისტოლეში გამოთქმული აზრებიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მატარებელია. საზოგადოების ნაწილმა, რომელთათვისაც საპატრიარქოს პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული ზემოაღნიშნული მოსაზრებები შესაძლოა აღიქვან სუროგაციის და ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვის და მისი მშობლების სტიგმატიზაციის, გარიყვის, დისკრიმინაციის გამართლებად. ამავე დროს, შესაძლოა სტიგმისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ ის სამედიცინო მუშაკებიც, ვინც ხელოვნური განაყოფიერების პროცესში მონაწილეობენ.
ასევე საყურადღებოა, რომ ქვეყანაში, სადაც ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, ამ მოსაზრებებმა შესაძლოა გაამყაროს საზოგადოებაში ქალის როლზე არსებული ის სტერეოტიპები, რომლებიც ზოგჯერ ახალისებენ და ამართლებენ ქალთა მიმართ ძალადობას, მათ ჩაგვრასა და მათი როლის მარგინალიზაციას.
ასევე მიგვაჩნია, რომ 8 იანვარს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაცავად არ იყო ეფექტური და ადექვატური.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „აზრის თავისუფლება იცავს არამხოლოდ იმ მოსაზრებებს, რაც მისაღებია საზოგადოებისათვის, ან რომლის მიმართაც საზოგადოება ინდიფერენტულია, არამედ ასევე ისეთ აზრებს, რომლებმაც შეიძლება გაანაწყენოს, ააღელვოს და შოკშიც კი ჩააგდოს სახელმწიფო თუ საზოგადოების ესა თუ ის ნაწილი.“ (CASE OF HANDYSIDE v. THE UNITED KINGDOM (Application no. 5493/72) 7 December 1976, para. 49) დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ პოლიცია ინციდენტის ადილზე იმყოფებოდა და კონტრდემონსტრანტების მცდელობების მიუხედავად, პოლიციის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა დემონსტრაციის გაგრძელება; თუმცა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვა პოლიციის წარმომადგენლებს ასევე ავალდებულებს, რომ მსგავს შემთხვევებში ადექვატურად შეაფასონ მოსალოდნელი საფრთხეები და დროულად უზრუნველყონ დემონსტრანტების და კონტრდემონსტრანტების ფიზიკური გამიჯვნა ერთმანეთისაგან, რათა არ მოხდეს ძალადობა ან სხვა ტიპის სამართალდარღვევა. მოცემულ შემთხვევაში კი პოლიციამ სათანადოდ ვერ შეასრულა ზემოაღნიშნული ვალდებულებები.
სამწუხაროდ, განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა მხოლოდ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეუძლია, ხოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები არ არიან დაცული ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან საკუთარი აზრების გამოხატვისას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომხდარი ძალადობაზე სახელმწიფოს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას, მის ადექვატურ შეფასებას და კანონდარღვევაზე სამართლიან და პროპორციულ რეაგირებას. სამართალდარღვევის ფაქტის ადექვატური რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა წაახალისოს მომავალში მსგავსი ფაქტები და უარყოფითი გავლენა იქონიოს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებაზე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge