საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს რიგ კანონპროექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები წარუდგინა. კერძოდ:
“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც კანონმდებლობის დაზუსტებას ისახავს მიზნად, საია დადებითად აფასებს. აღნიშნული შეეხება თანამდებობის პირთა ჩამონათვალში “სახელმწიფო მინისტრისა და მისი მოადგილის” დამატებას. ამასთან, საიამ რეკომენდაციით მიმართა პარლამენტის წევრებს, რათა მოხდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მასთან გათანაბრებული პირების მიკუთვნება თანამდებობის პირებისთვის. (საიას მიერ მომზადებული დასკვნის სრული ტექსტი: http://gyla.ge/legislature/?formm=3&da_index=520).
საიამ ასევე წარადგინა მოსაზრებები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. საიას მიაჩნია, რომ კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მისათითებელი მინიმალური ინფორმაციის ჩამონათვალი უნდა დარჩეს კანონში. აღნიშნული უზრუნველყოფს კონკურსის შესახებ შეტყობინების გამართულობას და ინფორმაციულობას. დამატებით, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში უნდა აისახოს განსახორციელებელი უფლება-მოვალეობების დეტალური ჩამონათვალი, რითაც კანონპროექტი შესაბამისობაში მოვა საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ ანტიკოროფციულ ღონისძიებებთან. (საიას მიერ მომზადებული დასკვნის სრული ტექსტი: http://gyla.ge/legislature/?formm=3&da_index=519).
2011 წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა კვლავ დაიწყო მსჯელობა მანდატურის ინსტიტუტთან დაკავშირებული საკითხების ახლებურ რეგულირებაზე. აქედან გამომდინარე, საია-მ ისარგებლა შესაძლებლობით და პრობლემატურად მიჩნეულ საკითხებზე დისკუსიის განახლების მიზნით, პარლამენტს კვლავ წარუდგინა საკუთარი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. დასკვნაში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2010 წლის ივლისში “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილმა ცვლილებებმა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა ბავშვის უფლებები. ამასთან, დასკვნაში აღინიშნა, რომ მანდატურების საქმიანობას ყველა ტიპის, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საფუძვლად არ უნდა დაედოს ცვლილებების შეტანა მხოლოდ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში. აღნიშნული სცილდება “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის რეგულირების სფეროს. ამასთან, კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით არსებულ სკოლებს უნდა დარჩეთ შესაძლებლობა თავად განსაზღვრონ, რა საშუალებების გამოყენებით უზრუნველყონ ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. (საიას მიერ მომზადებული დასკვნის სრული ტექსტი: http://gyla.ge/legislature/?formm=3&da_index=521).
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge