საია პარლამენტს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნას წარუდგენს

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტს  საკუთარ შენიშვნებსა და წინადადებებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის 20 ივლისს ინიცირებულ კონსტიტუციური კანონის პროექტთან ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” დაკავშირებით.

საია თავს უფლებას აძლევს, კიდევ ერთხელ შეაფასოს უარყოფითად კონსტიტუციის მიღების დაჩქარებული ტემპი,  რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა მხედველობაში არ მიიღო არც ვენეციის კომისიის თხოვნა წარმოდგენილი პროექტის განხილვების ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გადადების შესახებ.

მხედველობაშია მისაღები ისიც, პროექტის საერთო სახალხო განხილვა  დაჩქარებული ტემპით ამ პროცესისთვის არაოპტიმალურ დროს, აგვისტოს თვეში გაიმართა.

დაჩქარებული პროცედურითვე წარიმართა კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი ორი საკომიტეტო და პლენარული სესიის მოსმენები, რამაც ცაიტნოტში ჩააყენა სამოქალაქო საზოგადოება გამოეთქვა და დაეცვა საკუთარ შეხედულება თითოეულ მოსმენაზე გამართული მსჯელობასთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნულმა შემოთავაზებულ პროექტზე შეზღუდა რა დისკუსიის სივრცე, მსჯელობა მოუხერხებელი, ხოლო გარემო - კონსტიტუციური რეფორმისათვის არახელსაყრელი გახადა.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვსვავთ კითხვას, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში დასაბუთებული პასუხი არ მიგვიღია - რატომ ეჩქარება საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს კონსტიტუციის ძირეული დებულებები მაშინ, როდესაც ცვლილებათა დიდი ნაწილი ძალაში მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 2013 წლის 1 დეკემბერს შედის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ ვერ მიაღწია დასახულ მიზანებს:
1. ახალი საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო  მომხდარიყო საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან სამწუხაროდ, კონსტიტუციის მიღება ხდება ხელისუფლების მიერ გაგებული დემოკრატიის პირობებში „როდესაც უმცირესობა სვავს საკითხს, ხოლო გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს.“
2. შექმნილიყო „სახელისუფლებო განშტებათა ეფექტიანი, გაწონასწორებული სისტემა“. რადგან კონსტიტუციის შემოთავაზებული ცვლილებების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ:

.    კონსტიტუციური კანონის წარმოდგენილი ვარიანტი არ შეესაბამება საქართველოში მმართველობის სფეროში არსებულ გამოწვევებს;
.    იგი ვერ გვთავაზობს ადამიანის უფლებების დაცვის დამატებით და არსებით გარანტიებს, ზოგ შემთხვევაში კი ამცირებს მათ მნიშვნელობას;
.    ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის თვალსაზრისით პარლამენტის როლი უკიდურესად სუსტია, ხოლო მთავრობა, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრი ძალაუფლების მატარებელ მონსტრად გვევლინება, რომელიც ჩრდილავს ხელისუფლების ყველა სხვა უმაღლესი ორგანოს უფლებამოსილებას;
.    განსაკუთრებით შემაშფოთებელია პრემიერის მიერ ნდობა გამოცხადებული მთავრობის სრული შემადგენლობის შეცვლის უფლებამოსილება, რა დროსაც პარლამენტის როლი უგულვებელყოფილია,  პარლამენტის ბერკეტები მყიფე და ამ ბერკეტების გამოყენების რთული პროცედურაა გათვალისწინებით;
.    აღსანიშნავია ნდობა, უნდობლობისა და ნდობის ნეგატიური ვოტუმის ობიექტური საჭიროებების გარეშე გართულებული და დროში გაწელილი პროცედურა;
.    პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მხარდაჭერილი პრემიერის კანდიდატურაზე ვეტოს დადების სრულიად გაუმართლებელი და კონსტიტუციონალიზმისთვის უცხო შესაძლებლობა,
.     ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას;
.    ბუნდოვანი ჩანაწერით ზრდის ადგილობრივი თვითმმართველობაზე ზეწოლის შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის დამტკიცება თავად ცვლილებების შინაარსის გამო ნაადრევია და საჭიროებს შემდგომ დახვეწას არსებული შენიშვნების გათვალისწინებით.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge