საია პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს აფასებს

31 დეკემბერს ღამის საათებში, მერიის დასუფთავების თანამშრომლებმა და სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ, ტროტუარზე  განთავსებული კარვებისგან ტერიტორია გაწმინდეს და მათ ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები განათავსეს.

,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-111 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ,,დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის  ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.“ ეს ნორმა კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონსტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე განთავსებას, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას. კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვის ტროტუარზე ანუ ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას. ტროტუარზე კარვის დადგმის მეშვეობით პროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილს.

საბავშვო ატრაქციონის დამონტაჟების მიზნით, ტროტუარზე განთავსებული კარვების და აქციის სხვა ატრიბუტებისგან ტერიტორიის გაწმენდა არ წარმოადგენს შეკრების უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს, არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ უშიშროებას  და წესრიგს. აღსანიშნავია, რომ მერიას საჯაროდ არ განუცხადებია, რომ უშუალოდ პარლამენტის წინ იგეგმებოდა საბავშვო ატრაქციონების განთავსება, გაწმენდითი სამუშაოები ისე დაიწყეს, რომ მერიას არ ჰქონდა სათანადო კომუნიკაცია დემონსტრაციის ორგანიზატორებთან.

საია წუხილს გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება საზოგადოებრივ პროტესტს მოსახლეობასთან დიალოგის ნაცვლად, ყოველთვის ძალის დემონსტრირების მეშვეობით პასუხობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, არასერიოზულია ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც შვილმკვდარი მშობლები და დემონსტრანტები აპროტესტებენ ახალგაზრდების გარდაცვალებას, ითხოვენ ობიექტურ, მიუკერძოებელ და დროულ გამოძიებას, ხელისუფლება საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟების მიზნით ასუფთავებს ტერიტორიას.

"პუბლიკა"-ს ფოტო


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge