საია მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის − ბესო ქათამაძის ფიზიკური შეურაცხყოფა, შესაძლოა, წარმოადგენდეს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის გამოხატვის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ქათამაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 15 ივნისს, ამავე საკრებულოს რამდენიმე წევრმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.[1] დაპირისპირების მიზეზი გახდა მის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებები ოზურგეთის საკრებულოს წევრების მიმართ.[2] დაზარალებული აღნიშნავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ის დაიბარეს საკრებულოს შენობაში, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შედეგად კი, მიიღო სხეულის არაერთი დაზიანება.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პოლიციის სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება, სავარაუდოდ, ხარვეზებით მიმდინარეობს:
- სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ერთი პირის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ბესო ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა დიდი ალბათობით, რამდენიმე პირმა მიაყენა;
- გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიუხედავად იმისა, რომ ბესო ქათამაძის მიმართ განხორციელებული ქმედება დიდი ალბათობით, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. კერძოდ, − ძალადობით, ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
მივმართავთ საგამოძიებო ორგანოს, მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, გამოძიება აწარმოოს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, სისხლის სამართლის საქმის შესაბამისი კვალიფიკაციით.
დაზარალებული ბესო ქათამაძის ინტერესებს საია იცავს.
[1] http://rustavi2.ge/ka/news/106781
[2] https://www.facebook.com/beso.qatamadze.509/posts/986755474821838
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge