საია მოუწოდებს შსს-ს გამოაქვეყნოს 15 ივნისის ინციდენტის გამო სახდელშეფარდებული პირების ვინაობა


მიმდინარე წლის 16 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ინფორმაციის თავისუფლების თავზე დაყრდნობით მოითხოვა იმ პირთა ვინაობის გამჟღავნება, რომლებსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ქ-ნ ეკა ზღულაძის განმარტებით, 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის გამო დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ არსებობს ამ მუხლში მოცემული საგამონაკლისო გარემოებები.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსთვის მიმართვიდან ერთი თვე გავიდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პასუხი ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე არ მიუღია, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმად ითვლება.

დღეს საიამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს და ინფორმაციის დაუყოვნებლივი გაცემა მოითხოვა.

საია მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი იცოდეს, ვინ დაისაჯა 15 ივნისს შსს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი დარბევის გამო, როდესაც მრავლობითი დაზიანება მიიღო ათეულობით მოქალაქემ. გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაამართლებდა შსს-ს მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობით დასჯილი პირების ვინაობის გასაიდუმლოებას. მით უმეტეს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, საჯარო მოხელეების ქმედება, მით უმეტეს, როდესაც ეს ქმედება ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მუდმივად უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების მსჯელობისა და კრიტიკის საგანს.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge