საია მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუქმოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო აღრიცხვის გასავლელად დამატებითი ცნობის წარდგენის ვალდებულება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის #241-ე ბრძანებაში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს საკონსულო აღრიცხვის გასავლელად სხვა დოკუმენტებთან ერთად, საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენა მოეთხოვება.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა. უფრო მეტიც, კანონმდებლობამ შესაძლოა ხელოვნურად გააჩინოს ამ პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე, რაც საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვას წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობა განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქის მიერ ადგილსამყოფელ ქვეყანაში სამართლებრივად ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უარის თქმის საფუძველი. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 11 ივლისს განხორციელებული ცვლილების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საკონსულო აღრიცხვის გასავლელად დამატებით საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენა მოეთხოვებათ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას, თუ ისინი  დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე თუ ისინი არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

განხორციელებულმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მოქალაქეებისათვის პოლიტიკური უფლების - არჩევნებში მონაწილეობის მიღების განხორციელებისათვის ხელშეშლა, რამდენიმე მიზეზის გამო:

1.აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის შიდა კანონმდებლობის გათვალისწინება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რიგი ქვეყნების კანონმდებლობისთვის უცხოა დოკუმენტი „ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.“ შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთის მათი სურვილის მიუხედავათ რთული იქნება ამგვარი ცნობის წარმოდგენა;

2. სამწუხაროდ საქართველოს მრავალი მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება არალეგალურად. მართალია, მათი ზუსტი ციფრის დადგენა შეუძლებელია, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობით შესაძლებელია ამგვარი ცნობის გაცემა, არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქისათვის, ასეთი, ცნობის მიღება გართულებული იქნება.

ამასთანავე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ: მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ და არასაპატიო მიზეზით არ დადგა  საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში. ვფიქრობთ, კანონის ეს ნორმა პრობლემატური იქნება იმ ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელთა კანონმდებლობა არ იცნობს „ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან“. კანონმდებლობამ შესაძლოა ხელოვნურად გააჩინოს მათთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნოდ, ნებიმიერი ცვლილება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მოქალაქეებისათვის პოლიტიკური უფლების - არჩევნებში მონაწილეობის მიღების განხორციელებისათვის ხელშეშლა, არამიზანშეწონილია. მითუმეტეს, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელებას არ ახლდა შესაბამისი აუცილებლობის დასაბუთება სამინისტროს მხრიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საია მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადახედოს 2012 წლის 11 ივლისს განხორციელებულ ცვლილებებს და გააუქმოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო აღრიცხვის გასავლელად საჭირო დამატებითი ცნობის, კერძოდ - საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის  წარდგენის ვალდებულება.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge