2012 წლის 9 ივლისს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა.
2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან ,,მოამბეში“ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით კორტებთან მისი ახლობლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებას. გადაცემაში დეტალურად იყო განხილული 2006 წლის 02 მაისს მომხდარი ინცინდენტი, რომლის დროსაც ზურა ვაზაგაშვილი გარდაიცვალა, სიუჟეტში აღინიშნა, რომ ,,ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში წარადგინეს საჩივარი და მოითხოვეს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.
2012 წლის 13 ივნისის სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობის შესაბამისად გასაჩივრდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სააპელაციო ორგანოში (სამეურვეო საბჭოში), რომელმაც მიიჩნია, რომ 2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან ,,მოამბეში“ გასულ სიუჟეტში ფრაზით - ,,ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“დარღვეული იყო ჯეროვანი სიზუსტე.
სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორს დაევალა უზრუნველყოს სამეურვეო საბჭოს 2012 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილების გაშუქება 16:00 საათიან საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.
მნიშვნელოვანია, რომ ამავე გადაწყვეტილებით გაკეთდა მითითება, რათა მოხდეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა, პრევენციული ზომების მიღება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება სსიპ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამართლიან გადაწყვეტილებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პრეცედენტული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მედიაში უდანაშაულობის პრეზუმფციის სტანდარტის ამაღლებას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge