საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში საარჩევნო/პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებას.
ორგანიზაცია აკვირდება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციებში შედეგების შეჯამებისა და საარჩევნო დავების წარმართვის პროცესს, აგრეთვე, ყურადღება მიმართულია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ადგილი აქვს თუ არა:
- ფიზიკურ, სიტყვიერ დაპირისპირებასა და იძულება/მუქარის ფაქტებს;
- ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და სხვა.
ამ პერიოდში გამოიკვეთა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირების 3 ფაქტი მარნეულის, კასპისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში.
მიგვაჩნია, რომ დაპირისპირებისა და ძალადობის მიუღებელია და არსებითად აზიანებს საარჩევნო გარემოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საარჩევნო სუბიექტებმა და მათმა მხარდამჭერებმა წინასაარჩევნო კამპანია ძალადობისა და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან თავისუფალ გარემოში წარმართონ და აგიტაცია ორიენტირებული იყოს პოლიტიკურ ხედვებსა და საგნობრივ დებატებზე.
ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით საიას წარმომადგენლები უშუალოდ გაესაუბრნენ დაზარალებულებს, ასევე „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებს. მარნეულის, კასპისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მომხდარი ძალადობრივი ფაქტები სავარაუდოდ დაკავშირებულია დაზარალებული პირების პოლიტიკურ აქტივობასა და შეხედულებებთან. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების საწყის ეტაპზევე სათანადო ყურადღება მიექცეს ამ გარემოებას და მოხდეს საქმეში არსებული შესაძლო პოლიტიკური მოტივის იდენტიფიცირება. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება პოლიტიკური მოტივით იყოს ჩადენილი, მით უფრო თუ ის იქნება ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო, დროულად უნდა იქნას გამოძიებული და აღკვეთილი შესაბამისი ორგანოების მიერ.
აღსანიშნავია, რომ ა.წ. 1 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებული ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ. რაც მისასალმებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შსს-ომ განახორციელოს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება და გამოძიების საწყის ეტაპზევე სათანადო ყურადღება მიაქციოს საქმეში არსებულ სავარაუდო პოლიტიკურ მოტივს.
დეტალური ინფორმაცია:
- გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის წევრზე თავდასხმა - მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაზიანებები მიიღო 4-მა პირმა, მათ შორის ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა და ის შემდგომი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს თბილისში. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, თავდასხმას ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა არტურ მკოიანი, რომელიც ხელკეტებით შეიარაღებულ პირებთან ერთად თავს დაესხა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ახალქალაქში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ თავდასხმამდე მოხდა კიდევ ერთი თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელზე მიხეილ აღაბადიანზე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა თავად დეპუტატი ენზელ მკოიანი 20 ადამიანთან ერთად.
დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ ახალქალაქის „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ოფისში. პარტიის წარმომადგენლის ნაირი ირიციანის განცხადებით, აღნიშნული დაპირისპირება მოჰყვა ამა წლის 29 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალების-პლაკატების ჩამოხევის ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
- პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერის ალიოშა გულიოღლის ცემა - 2018 წლის 29 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურეში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ალიოშა გულიოღლი სცემეს. „ერთიანი ნაციონალური“ კასპის ორგანიზაციის წარმომადგენლის ნუგზარ ნონიაშვილის განმარტებით, ალიოშა გულიოღლი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სცემეს. ალიოშა გულიოღლიმ საიას წარმომადგენლებთან საუბარში განმარტა, რომ ის ბაირამოვი ირაზგულას ძმა და ძმის შვილიშვილი გაუსწორდნენ ფიზიკურად, ვინაიდან მან არჩევნებში მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა;
- ქართული ოცნებისა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ფიზიკური დაპირისპირება - 2018 წლის 29 ოქტომბერს მარნეულში ქართული ოცნებისა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ აღკვეთა და სიტუაცია განმუხტა. გაერთიანებული ოპოზიციის მარნეულის შტაბის ხელმძღვანელმა ფუად კახრამანოვმა საიას წარმომადგენელთან საუბარში განაცხადა, რომ მასზე ანარ გადიმოვის, ფაიქ ისმაილოვისა და რამოვ კარახმაზლის მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ოპოზიციის წარმომადგენლის განმარტებით, ანარ გადიმოვი და რამოვ კარახმაზლი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ხოლო ფაიქ ისმაილოვი ქართული ოცნების აქტივისტია. რამოვ კარახმაზლიმ საიას წარმომადგენელთან საუბარში განაცხადა, რომ კონფლიქტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისის კარებზე და მიმდებარე ხეებზე პლაკატების გაკვრას მოჰყვა. არჩევნების დღის მეორე დღეს კი კონფლიქტი ჩაიხანაში მოხდა, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მიერ პოლიციის გამოძახება მოჰყვა. რამოვი აცხადებს რომ ფუადი არავის უცემია, მას ფიზიკურად არავინ შეხებია. საიას წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლის 1-ლი და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობისა და მუქარისთვის, პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საია აგრძელებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს და საზოგადოების ინფორმირებას ამ პროცესში დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების და სახელმწიფოს მხრიდან მათზე განხორციელებული ქმედებების შესახებ.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge