საია ,,მაესტროს“ ჟურნალისტის მიმართ მუქარას და ,,ნაციონალური მოძრაობის წევრების“ დაკავებას ეხმაურება

 2015 წლის 15 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის ოზურგეთში ყოფნისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქალაქის ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე გადმოფინეს ნაჭრის ბანერი, სადაც გაკეთებული იყო წარწერა ,,მატყუარა მთავრობა.“ აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის ოზურგეთის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მომენტალურად დააკავეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ზონის“ წევრი ბესო ქათამაძე. დაკავებულთა განცხადებით, მათ მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაკავებულთა განცხადებით ოქმის ასლი პასუხისგებაში მიცემულ პირებს ამ დრომდე არ გადასცემიათ) ,,სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ჩადენილი განმეორებით - ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.    

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და „თავისუფალი ზონის“ წევრის დაკავებასთან დაკავშირებით, იმავე დღეს, ტელეკომპანია ,,მაესტროს“ რეპორტიორმა ირაკლი ვაჩიბერაძემ კითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ირაკლი ვაჩიბერიძე აღნიშნავს, რომ ამ კითხვის დასმის გამო მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას შსს გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსის კობა ცერცვაძის მხრიდან. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ კობა ცერცვაძემ  მას არ მისცა საშუალება მოეპოვებინა პრემიერის პასუხი მის შეკითხვებზე.

აღნიშნულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში აღნიშნულია შემდეგი: „იმის მიუხედავად, რომ დღეს ქალაქ ოზურგეთში დაგეგმილ ღონისძიებებს ყველა მედიასაშუალება და ჟურნალისტი დაუბრკოლებლად აშუქებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მზად არის ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის განცხადების საფუძველზე დაიწყოს მოკვლევა და სამართალდარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულზე რეაგირება მოახდინოს.“ 

საია გთავაზობთ ოზურგეთში განვითარებული მოვლენების სამართლებრივ შეფასებას:

ჟურნალისტის მიმართ მუქარა

ირაკლი ვაჩიბერიძის მიერ განცხადებაში აღწერილი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ კობა ცერცვაძემ იძულებით გაიყვანა ჟურნალისტი და არ მისცა საშუალება კითხვები დაესვა პრემიერ-მინისტრისთვის, შესაძლოა შეიცავდეს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულის ნიშნებს. გარდა ამისა, ჟურნალისტის თქმით, კობა ცერცვაძემ მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „აქედან მოგაშორებ და აგაორთქლებ“, რაც შესაძლოა ქმნიდეს მუქარის დანაშაულის შემადგენლობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნული განცხადება თავიდანვე, ყოველგვარი მოკვლევისა თუ გამოძიების ჩატარების გარეშე, გამორიცხავს რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ჟურნალისტის მიმართ დანაშაულს, რაც ეჭვქვეშ აყენებს ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტურობას. ამასთანავე, სახეზეა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირის მიერ შესაძლო დანაშაულის და არა სამართალდარღვევის ჩადენის ნიშნები, როგორც ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რის გამოც აღნიშნული საქმე უნდა გამოიძიონ პროკურატურის ორგანოებმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მოკვლევის ჩატარება გააჭიანურებს საქმეზე ეფექტურ რეაგირებას და ხელს შეუშლის გამოძიების დროულად და ეფექტურად ჩატარებას.  

მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ჟურნალისტის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულის გამოძიება. ვინაიდან საქმე შეეხება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხზე, აღნიშნული საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და მისი გამოძიება უნდა განხორციელდეს პრიორიტეტულად, სწრაფი და ეფექტური გამოძიების სტანდარტების დაცვით.

ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ საია ყურადღებით მიადევნებს თვალს ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას და მოახსენებს საზოგადოებას აღნიშნული რეაგირების ეფექტურობის თაობაზე. 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და „თავისუფალი ზონის“ წევრის დაკავება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დისპოზიციის ინტერპრეტაცია უნდა ხდებოდეს ვიწროდ, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სიტყვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევა. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებას. შენობის ფასადზე გამოფენილ ბანერზე გაკრიტიკებული იყო მთავრობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სურეკი თურქეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 61-ე პარაგრაფში განაცხადა: მთავრობის დასაშვები  კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა ვიდრე კერძო პირების ან თუნდაც პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკაზე თმენის ვალდებულება http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-58279

,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით, სიტყვისა თავისუფლების შემზღუდველი კანონი უნდა იყოს ვიწროდ მიზანმიმართული. შენობის ფასადზე კუსტარულად დამაგრებული ბანერი არ აყენებს შენობის იერსახეს ისეთივე ზიანს როგორც შენობის ფასადზე საღებავით გაკეთებული წარწერა, რომლის მოცილებაც ხშირად ძალიან რთული ან შეუძლებელია. ფანჯრიდან საპროტესტო ბანერის გამოფენის შემთხვევის ისევე მოქცევა კოდექსის 150-ე მუხლის დისპოზიციაში, როგორც ეს საღებავებით წარწერების გაკეთების შემთხვევაში ხდება, აქცევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლს არა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ვიწროდ შემზღუდველ კანონად, არამედ გამოხატვის თავისუფლების ყოვლისმომცველი, ბლანკეტური შეზღუდვების დამწესებელ ინსტრუმენტად. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად სასამართლომ ვიწროდ უნდა განმარტოს 150-ე მუხლი.

,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს მხოლოდ გამოხატვის ადგილის, დროისა და ფორმის მიხედვით ისეთ არადისკრიმინაციულ შეზღუდვას, რომელიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე ან ტოვებს მათი სხვა გზებით გამოხატვის ეფექტიან შესაძლებლობას.“

შენობის აივანზე დროებით დამაგრებული ბანერი შესაძლოა უფრო მეტი გამომხატველობითი ეფექტის მატარებელი აღმოჩნდეს, ვიდრე ის შემთხვევა, როდესაც ტროტუარზე განთავსებულ პირთა მცირერიცხოვან ჯგუფს იმავე შინაარსის ბანერი უჭირავთ ხელში. ამასთან შინაარსობრივად ნეიტრალური შეზღუდვები არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ გამოხატვის ადგილს - მოცემულ შემთხვევაში შენობის ფასადს. აუცილებელია ადგილთან ერთად შეზღუდვა დაეფუძნოს დროით კრიტერიუმს, მაგალითად, შენობის ფასადზე ბანერი გამოფენილი იყოს გონივრული ვადით, რაც აუცილებელია პროტესტის ადრესატისათვის მესიჯის მისაწოდებლად. მოცემულ შემთხვევაში დროის თვალსაზრისით გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივად ნეიტრალური შეზღუდვის დაწესება გამართლებული იქნებოდა პრემიერ-მინისტრის ქალაქ ოზურგეთში ყოფნის დროით. ხელისუფლებას ბანერის შენობის ფასადზე განთავსების ფაქტთან დაკავშირებით თმენის ვალდებულება უნდა გამოემჟღავნებინა იმ დრომდე, ვიდრე ბანერზე გამოხატული გზავნილი მიაღწევდა პრემიერ-მინისტრამდე. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი დატოვებდა ქალაქ ოზურგეთს, მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდათ სამართალდამცავებს ბანერის შენობის ფასადიდან გატანის მოთხოვნა. გონივრულ ვადაში შეკრების შეუფერხებელი ჩატარებისა და ამავე ვადაში პროტესტის დასრულებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხილეთ (Cisse v France http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-60413)

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს ქალაქის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების ღონისძიების გატარებისას სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენება მოახდინონ ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.         


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge