საია-მ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებები წარადგინა

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრებები მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმეზე. პროკურატურამ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სასამართლო მეგობრის მოსაზრებებში საია მიმოიხილავს საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულო საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, რა სტანდარტების და პრინციპების გათვალისწინებით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას. კერძოდ, განხილულია ყველა ის საფუძველი, რა შემთხვევაშიც ქვეყანას (სასამართლოს) არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ექსტრადირების თაობაზე. დეტალურადაა განხილული, რა ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები უნდა შეისწავლოს სასამართლომ საიმისოდ, რომ დაადგინოს, ან გამორიცხოს აღნიშნული საფუძვლების არსებობა კონკრეტულ საქმეში. ასევე მიმოხილულია თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული საგანგაშო ვითარება, რაც, ზემოაღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით, აუცილებელია, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს და გაითვალისწინოს.

საია მიიჩნევს, რომ საქართველო ვალდებულია არ მოახდინოს ჩაბუქის ექსტრადირება, რადგან:

- საქმეში არსებული გარემოებები ამყარებს იმ ვარაუდს, რომ თურქეთის მხრიდან დაყენებულ მოთხოვნას ექსტრადირების თაობაზე საფუძვლად უდევს არა სამართლებრივი, არამედ - პოლიტიკური მოტივი;

- არსებობს სერიოზული და აშკარა საფუძველი იმის სარწმუნებლად, რომ ჩაბუქს თურქეთისათვის გადაცემის შემთხვევაში ემუქრება რეალური საშიშროება, დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ან/და ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით;

- თურქეთში ადამიანის უფლებათა საგანგაშო მდგომარეობისა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის ფონზე, დიპლომატიური გარანტიები წარმოადგენს მხოლოდ დაპირებას, რომელიც არაეფექტურია ადამიანის წამების რისკების თავიდან ასარიდებლად.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge