საიამ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით, ე. წ. ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების სახით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში წერილობითი მოსაზრებები წარადგინა.
მინისტრთა კომიტეტი, ამჟამად, ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული 4 გადაწყვეტილებისა და 11 განჩინების აღსრულების პროცესს (ე. წ. ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები), მათ შორის, არის საიას წარმოებაში არსებული 3 საქმე: „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. მოცემული სამი საქმე მომჩივნების სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არასათანადო მოპყრობას, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლასა და აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობას შეეხება.
მინისტრთა კომიტეტში წარდგენილ წერილობით მოსაზრებებშუ საია-მ აღნიშნულ საქმეებთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ინდივიდუალური ღონისძიების შესასრულებლად გატარებული ზომების - ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების ეფექტურობის საკითხი მიმოიხილა. ამასთან, საია-მ ყურადღება გაამახვილა იმ ზომებზე, რაც აუცილებელია გატარდეს სახელმწიფოს მიერ მოცემულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების/განჩინებების ეფექტურად აღსრულებისა და გამოძიების ეტაპზე დაშვებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით.
რაც შეეხება ზოგად ღონისძიებებს, ამ მიმართულებით საია-მ ყურადღება გაამახვილა დღეისათვის საქართველოში მოქმედ, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და სავარაუდო სამართალდამრღვევი პირისთვის არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს. მაგალითად, კოდექსი არ ითვალისწინებს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორებიცაა: გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ხელმძღვანელობა; უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა; ეფექტური წარმომადგენლობის განხორციელება და სხვა. მართალია, სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტში, ჯერ კიდევ, 2016 წელს, წარდგენილ სამოქმედო გეგმაში აღნიშნა, რომ იგეგმებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, დღეის მდგომარეობით ხელისუფლებას ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
საია-მ წარდგენილ მოსაზრებებში, ასევე, მიუთითა იმ პრობლემებზე, რაც სახელმწიფოს მიერ გატარებული გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ იკვეთება არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით, მათ შორის:
- სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ არსებული კანონმდებლობა კვლავ იძლევა საშუალებას დანაშაული გამოიძიოს იმ უწყებამ, რომლის თანამშრომლებიც შესაძლოა იყვნენ დამნაშავენი. შესაბამისად, არსებული რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას;
- იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ გააჩნია ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიების დამოუკიდებლად განხორციელების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება, სამსახური ვერ განახორციელებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას;
- დღეს მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს დაზარალებულის სათანადო ჩართულობას და ინფორმირებულობას გამოძიების ეტაპზე თუ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას;
- მიუხედავად იმისა, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის ეფექტური იურიდიული დახმარების გაწევა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დღემდე არ გადადგმულა შესაბამისი ნაბიჯები. ასევე, სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია.
საია-მ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად, მინისტრთა კომიტეტს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ანალიზი წარუდგინა შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად, რომელიც საია-ს მოსაზრებით, ე. წ. ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების/განჩინებების ეფექტურად აღსრულებას უზრუნველყოფს.
წერილობითი მოსაზრებების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე იხილეთ თანდართულ ფაილში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge