საია-მ ანგარიში - სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგები - წარმოადგინა

ანგარიში ემსახურება სისხლის სამართლის პროცესებზე დასწრებითა და გამოვლენილი შემთხვევების ანალიზის შედეგად, პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების, მათ შორის, დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირებას. ანგარიში ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ასევე ძირითად ტენდენციებს მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე.

ანგარიშის ძირითადი მიგნებები შეეხება  - აღკვეთის ღონისძიებებს, საგამოძიებო მოქმედებებსა და საპროცესო შეთანხმებაზე სათანადო სასამართლო კონტროლის განხორციელებას, პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ ხარვეზებს, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოჯახურ, ნარკოტიკულ და სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებს.

ანგარიშმა გამოავლინა:

- ბოლო ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად იმატა ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე პირების დაკავებულის სტატუსით წარდგენამ. კერძოდ, 686 ბრალდებულიდან 518 (76%) სასამართლოში გამოცხადდა დაკავებულის სტატუსით, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 8 პროცენტული ერთეულით მეტია, ხოლო თუ ორი წლის წინანდელ სტატისტიკას შევადარებთ - 20 პროცენტული ერთეულით აჭარბებს;

- წლებია, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დაკავების კანონიერებაზე ჯეროვანი სასამართლო კონტროლის არარსებობა, რაც,  ასევე კანონმდებლობის ხარვეზებით არის გამოწვეული. უმეტესად, სხდომაზე მოსამართლეები არ ამოწმებენ დაკავების კანონიერებას;

- გაიზარდა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, თუკი 2017 წლის მარტიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში პატიმრობის მოთხოვნა შეადგენდა 45%-ს, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი ჯერ 15 პროცენტული ერთეულით, ხოლო შემდგომ 6 პროცენტული ერთეულით  გაიზარდა და, საბოლოოდ,  66% შეადგინა;

- პროკურატურა სასამართლოს, უმეტესწილად, პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს, როდესაც საქმე ოჯახში ძალადობისა ან ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულს ეხება. სასამართლო მონიტორინგის  2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ასეთი ტიპის დანაშაულებზე პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება მოითხოვა საქმეთა 79%-ში, 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში - 90%-ში, ხოლო 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში - 87% შემთხვევაში.

- პრობლემად სახელდება პატიმრობისა და გირაოსაგან განსხვავებული ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების იშვიათად გამოყენება. სასამართლომ 1332 სხდომიდან მხოლოდ 6 შემთხვევაში გამოიყენა პირადი თავდებობა, 28-ში - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, ხოლო 51-ში არ გამოუყენებია აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. დანარჩენ შემთხვევებში სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო ან პატიმრობა;

- საიას ბოლო სამ ანგარიშში საუბარია პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების მზარდ მაჩვენებელზე. მაგალითად, 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეფარდებული 322 პატიმრობიდან 49 (15%) იყო დაუსაბუთებელი, ხოლო 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდში 334-დან 69 (21%) იყო დაუსაბუთებელი;

- პრობლემას წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დადგენილი ორთვიანი წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის ფორმალური ხასიათი. მიუხედავად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების რისკების შემცირებისა, სასამართლო იშვიათად ცვლის პატიმრობას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში სასამართლომ პატიმრობა უცვლელად დატოვა 213-დან 195 (92%) შემთხვევაში, მომდევნო საანგარიშო პერიოდში კი - 190-დან 182 (96%) შემთხვევაში;

- 4 სასამართლოდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა/ამოღების დაკანონებასთან დაკავშირებით მიმართა 49 272 შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხოლოდ 676 (1%) მიმართვა.

- საიამ შეისწავლა 194 განჩინება, მოსამართლის წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა-ამოღებების შესახებ, სადაც აღმოჩნდა, რომ დასაბუთების ნაწილში განჩინებები ხშირ შემთხვევაში მსგავსია. უმრავლესობაში არ არის გამოკვეთილი გადაუდებელი აუცილებლობის საჭიროება, თითქმის არაფერია ნათქვამი იმ საფრთხეების ან რისკების შესახებ, რაც შესაძლოა დაყოვნებას გამოეწვია.

- სასამართლო, უმეტესად, ისე ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, რომ სხდომაზე არ მსჯელობს, რამდენად კანონიერი და სამართლიანია შუამდგომლობაში ასახული სასჯელი. ბოლო წლის მონაცემებით, მონიტორინგი ამ მიმართულებით მცირე გაუმჯობესებას აჩვენებს. კერძოდ, თუ წინა წლებში საპროცესო შეთანხმების კანონიერებაზე მსჯელობა 2-3%-ის ფარგლებში ხდებოდა, 2019 წლის მარტი - 2020 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში 9% შეადგინა;

- მონიტორინგმა ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოავლინა გამამართლებელი განაჩენების მზარდი ტენდენცია. ამას ადასტურებს საერთო სასამართლოების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც. კერძოდ, 2016 წელს გამამართლებელი განაჩენი დადგა საქმეთა 3%-ში, 2017 წელს - 4%-ში;  2018 წელს - 8%-ში; 2019 წელს - 10%-ში, ხოლო 2020 წლის 6 თვის მონაცემით - საქმეთა 9%-ში.

- სისხლის სამართლის სხდომების გაჭიანურება საიას სასამართლო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზია. არაერთი საქმე წლების განმავლობაში ისე მიმდინარეობს, რომ მასზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დგება. შეინიშნება როგორც კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევის პრობლემა, ასევე შემთხვევები, როდესაც ვადები პირდაპირ არ ირღვევა, თუმცა, ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით, აშკარად საქმის არაგონივრულ დროში განხილვის შთაბეჭდილება რჩება;

 

 

მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ის არ ასახავს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.

 

 

 

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge