საია კონსტიტუციური ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს სამართლებრივ დასკვნას ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომლის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 28 დეკემბერს მიიღო. 
 
შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით უქმდება აკრძალვა, რომლითაც დაუშვებელი იყო პარლამენტის დათხოვნა მისი არჩევნებიდან პირველი 6 თვისა   და პრეზიდენტის ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ასევე უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, აღნიშნული დროის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს მიერ მთავრობის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დანიშნოს მთავრობა. ინიციატორების აზრით, არსებობს პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხე, ცვლილებები სწორედ ამ კრიზისის თავიდან აცილებით არის მოტივირებული.
 
საია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება დადებითი მოვლენაა. კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში შეიცავს კრიზისის შექმნის მაღალ რისკს და არ ითვალისწინებს  ამ რისკის განეიტრალების რაიმე ეფექტურ მექანიზმს. თუმცა, თუ კონსტიტუციური კანონპროექტის მიზანი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის გზით პოლიტიკური კრიზისის ალბათობის გამორიცხვაა, მაშინ, ცხადია, გაუგებარი რჩება ამ მიზნის მისაღწევად რა საჭიროა პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის კონსტიტუციური გარანტიების შემცირება. კანონპროექტის განმარტებითი  ბარათი ამ კუთხით არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას. აღნიშნული გარანტიების შემცირება საქართველოს კონსტიტუციური სისტემის გათვალისწინებით დამატებით საფრთხეებს წარმოშობს. შერეული მმართველობის სისტემებში პარლამენტისთვის ,,იმუნიტეტის’’ მინიჭების აუცილებლობას განსაზღვრავს ახალ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია, ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნება და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური სისტემის დაცვა. პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს საშუალება არაპროპორციულად იმაზე დიდი როლი ითამაშოს პოლიტიკის ფორმირებაში ვიდრე პარლამენტმა და მთავრობამ. ამ აზრით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტს არ მიენიჭოს უფლებამოსილება მანიპულირებდეს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობით. აგრეთვე მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის საფრთხის გააზრება. თუ პარლამენტი დათხოვნილია, ხოლო მთავრობა არასტაბილურ ვითარებაში, ფაქტობრივად ,,მუშა ინსტიტუტები’’ ქვეყანას არ ყავს. ამან კი კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სტაბილურობას. 
 
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს რაიმე შეზღუდვა პარლამენტის დათხოვნის შემდეგ ამ მექანიზმის ხელახალ გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ,,6 თვიანი იმუნიტეტის’’ არ არსებობის პირობებში, პრეზიდენტს რამდენჯერაც მოუნდება იმდენჯერ შეუძლია დაითხოვოს ახალარჩეული პარლამენტი, თუ ეს უკანასკნელი მის ნებას არ დაყვება. ეს კი იმდენად აძლიერებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას პარლამენტთან მიმართებით, რომ საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტზე დამოკიდებულს ხდის, ხოლო ცვლილებას მისივე მოტივაციის გათვალისწინებით კონტრპროდუქტიულ ელფერს აძლევს.
 
წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი დახვეწას საჭიროებს საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისითაც.
 
ამრიგად, საიას მოსაზრებით, პოლიტიკური კრიზისის შექმნის ალბათობისა და მისი განეიტრალების კონსტიტუციური მექანიზმების არარსებობის გათვალისწინებით, ზოგადად მიზანშეწონილია პრეზიდენტის ულებამოსილების შემცირება, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს პარლამენტის სტაბილურობის ხარჯზე და საკანონმდებლო ორგანოს ხელშეუხებლობის გარანტიები უნდა შენარჩუნდეს.  ამასთან, საია არ მიესალმება კონსტიტუციაში ფრაგმენტული ცვლილებების შეტანას. უზენაესი კანონის არსებული რედაქცია საზოგადოების ფართო ფენების მაქსიმალური ჩართულობის პირობებში არსებითად უნდა გადაისინჯოს.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge