საია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის პოლიტიკური რეკლამის ამოღების თაობაზე გაგზავნილ წერილს ეხმიანება

ა.წ. 25 სექტემბერს, მაუწყებლებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიიღეს წერილი, სადაც მითითებული იყო, რომ 3 სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომელიც განთავსებულია როგორც პოლიტიკური რეკლამა, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელმა უკვე განათავსა აღნიშნული ვიდეო რგოლები, უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივი ამოღება სამაუწყებლო ბადიდან.

მიგვაჩნია, რომ კომისიის თავჯდომარის წერილი არ წარმოადგენს კომისიის სამართლებრივ აქტს, არ არის მაუწყებლებისთვის სავალდებულო შესასრულებლად, შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

აღნიშნული დოკუმენტი (წერილი) არ არის  კომისიის სამართლებრივი აქტი და შესაბამისად, არ არის მაუწყებლების მხრიდან სავალდებულოდ შესასრულებელი.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი თანახმად, ,,კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.“

აღსანიშნავია, რომ ამ წერილს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. ,,კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კონკრეტულ შემთხვევებში კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.“ ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი  შეიცავს ქცევის ზოგად წესს, ეს დოკუმენტი ვერ იქნება კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე უნდა ემსჯელა კომისიას. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ,,კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე,“ თუმცა ამ საკითხზე კომისიას სხდომაზე არ უმსჯელია.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ კომისიის წერილი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.

,,მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.“  რეკლამის დამკვეთი არ არის კომისიის რეგულირების სუბიექტი. იმ შემთხვევაში, თუ სარეკლამო რგოლით დარღვეულია კონკრეტული პირის უფლებები, მას შეუძლია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამკვეთის და არა მაუწყებლის მიმართ. აქედან გამომდინარე, სრულიად გაურკვეველია, რატომ შედის კომისია წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსში, მაშინ როდესაც პოლიტიკური სუბიექტები მისი რეგულირების სფეროში არ არიან.

ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში საკითხის განხილვის უფლებამოსილება კომისიას არ გააჩნია. ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მიმართოს თვითრეგულირების ორგანოს ან სასამართლოს.

მოვუწოდებთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას, იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გასცდეს მის უფლებამოსილებას.  


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge