საია კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით დევნილთა გამოსახლებას აპროტესტებს

2010 წლის ივნისიდან დევნილთა გამოსახლებამ კოლექტიური ცენტრებიდან მასიური ხასიათი მიიღო.  გამოსახლებები ხორციელდება შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747 ბრძანებით დამტკიცებული “საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის” საფუძველზე.  აღნიშნული წესის თანახმად, კოლექტიურ ცენტრში რეგისტრირებულ დევნილთა გამოსახლება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (ყოფილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს) მიერ დევნილების გამოსახლების მიზანშეწონილობის შესახებ გაცემული ცნობის შემდეგ. გაცემული თანხმობის შემდეგ, დევნილებს  ეძლევათ წერილობითი გაფრთხილება, რის საფუძველზეც ვალდებულნი არიან დატოვონ შენობა ხუთი სამუშაო დღის ვადაში. მაგალითისთვის, ამ ფორმით გამოასახლეს 33 ოჯახი თბილისში, თვალჭრელიძის ქ.#2 მდებარე ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო სამმართველოს ყოფილი შენობიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კანონს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ, სამწუხაროდ, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილთა გამოსახლებისას არა იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონით, არამედ სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი კრძალავს დევნილთა გამოსახლებას კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა)    დევნილთან იდება წერილობითი შეთანხმება
ბ)    დევნილებს გამოეყოფათ შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ უარესდება მათი საცხოვრებელი პირობები.

დევნილთა მასიური გამოსახლება ასევე ეწინააღმდეგება დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შემუშავებულ დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც განსახლებისას დევნილებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მიიღონ ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული პრინციპები ითვალისწინებს დევნილთა ინფორმირებას განსახლების პროცესის დაწყებამდე კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში გასანაწილებელი ფართების შესახებ. საცხოვრებელი ფართი, თავის მხრივ, უნდა შეესაბამებოდეს ამავე სამეთვალყურეო საბჭოს დადგენილ “დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტებს”.

ბოლო პერიოდში განხორციელებული გამოსახლებები ცხადყოფს, რომ #747 ბრძნების საფუძველზე დევნილთა გამოსახლება კოლექტიური ცენტრებიდან წინააღმდეგობაში მოდის როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს კანონთან, ასევე სახელმწიფოს მიერვე დადგენილ სტანდარტებთან. კერძოდ, გამოსახლებისას არ ხდება დევნილებთან წერილობითი შეანხმების დადება; დევნილებს არ ეძლევათ ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება; ხშირ შემთხვევაში გამოყოფილი საცხოვრებელი ფართი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარდებს; ადგილი აქვს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაურესებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს დევნილთა გამოსახლების პროცესის მონიტორინგს, მონიტორინგის შედეგებს ამცნობს დაინტერესებულ ორგანიზაციებს და საზოგადოებას და გამოხატავს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოს უკანონო ქმედების შედეგად დაზარალებულ პირებს.  


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge