საია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სარჩელების წარდგენის ვადებზე სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2010 წლი 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება.

კერძო საჩივრის წარდგენა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ჩვენი ორგანიზაცია 2010 წლის 15 მარტს შეტანილი სარჩელით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინააღმდეგ, ითხოვდა მოპასუხეს დავალებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემა.

საია ითხოვდა ინფორმაციას იუსტიციის მოქმედი და ყოფილი წევრების თანამდებობრივ მდგომარეობის, მივლინების შემთვევების, ადგილის და თარიღის თაობაზე. ასევე 2007-2009 წლებში განხორციელებულ მოსამართლეთა დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურების, სხვა სასამართლოში გადაყვანის და მოსამართლეთა საქმის განხილვის და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების ჩამოცილების თაობაზე, მივლინებული მოსამართლეების სახელსა და გვარს დანიშვნის ადგილს და მივლინების თარიღს. ასევე, მოსამართლეთა თანამდებობრივი დანამტების ოდენობას. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეაგირება არ მოახდინა საიას განცხადებასთან და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 2010 წლის 13 ოქტომბერს მიიღო განჩინება, რომლითაც დაუშვებლად ცნო საიას სარჩელი იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციას  დარღვეული ჰქონდა გასაჩივრების ვადა.

საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, საიას ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული ორგანოს მე-100 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენდა 15 დღეს, ანუ სასამართლოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადებზე გაავრცელა განცხადების განხილვისათვის დადგენილი ვადები და არა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის დადგენილი პროცედურები (ზაკ-ის 183-ე მუხლი).

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც სასამართლო აღნიშნული მიზეზით ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ სარჩელებს დაუშვებლად ცნობს. საია განცხადებით და ადმინისტრაციული სარჩელით ითხოვდა საჯარო ინფრომაციის გაცემას. ამასთან, სასამართლოში მოთხოვნას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად წარმოადგენდა ქმედების განხორციელება, საჯარო ინფორმაციის გაცემა.

შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ამ მუხლის თანახმად სარჩელებზე ქმედების განხორციელების თაობაზე დადგენილი არ არის სარჩელის წარდგენის ვადა. შესაბამისად, საიას დარღვეული არ ჰქონია სარჩელის წარდგენის ვადა. ამასთან, სასამართლომ განჩინებაში არასწორად მიუთითა სზაკ-ის მე-100 მუხლის მეორე ნაწილი, რადგან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას ეს მუხლი არ ეხება. სზაკ-ის XIII თავი დათმობილი აქვს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესებსა და ვადას. შედეგად, ამავე თავის 183-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადას წარმოადგენს 1 თვე და გადაწყვეტილების მიღების 15 დღიან ვადა ამ შემთხვევაში არ ვრცელდება. სწორედ აქედან გამომდინარე საიას მიაჩნია, რომ მან კანონის მოთხოვნათა დაცვით წარადგინა სარჩელი სასამართლოში და საქალაქო სასამართლოს განჩინება კანონსაწინააღმდეგოა, რაც ართმევს ორგანიზაციას საშუალებას დავა გააგრძელოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.

ამასთან, საია იმედოვებს, რომ სააპელაციო სასამართლო გაიაზიარებს მის დასაბუთებას და დაავალებს საქალაქო სასამართლოს დასაშვებად მიიჩნის ორგანიზაციის სარჩელი და განიხილოს იგი.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge