საია გორში პატრიოტთა ალიანსის წევრების მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვის ფაქტს ეხმიანება

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ქ. გორში სამართალდამცავთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევის ფაქტს, რასაც არ გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებას.

მოვლენათა ქრონოლოგია

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ გორის ოფისის წარმომადგენლებმა ქალაქ გორის თეატრის მიმდებარე  ტერიტორიაზე შიმშილობის აქცია დაიწყეს. „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ასევე შიმშილობენ ქ. თბილისში საარჩევნო სისტემის შეცვლისა და არჩევნებში მონაწილე მინისტრების გათავისუფლების მოთხოვნით.

მოშიმშილეების განცხადებით, შიმშილობის დაწყების პირველივე დღიდან, აქციის მონაწილეებთან პოლიციის თანამშრომლები რამდენჯერმე მივიდნენ, ადგილზე მოინახულეს მოშიმშილეები, თუმცა მხოლოდ მეორე დღიდან მოუწოდეს მათ აქციის შეწყვეტა. თავდაპირველად აქციის შეწყვეტა მოსთხოვეს იმ მოტივით, თითქოს მოშიმშილეები უამინდობისგან დაეცვათ. მოგვიანებით კი პოლიციის წარმომადგენლებმა  აქციის მონაწილეების დაშლა და ტერიტორიის დატოვება ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო მოითხოვეს. ორივე შემთხვევაში პოლიციელებმა აქციის მონაწილეებისაგან მიიღეს უარი.

აღსანიშნავია, რომ აქცია მიმდინარეობდა ქალაქ გორის თეატრის სკვერში და არ აფერხებდა ტრანსპორტის მოძრაობას. შესაბამისად აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ არ არღვევდნენ კანონის მოთხოვნებს.

 პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლების განცხადებით,  12 ნოემბერს ქალაქ გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, როდესაც მოშიმშილეებმა შეატყობინეს, რომ პოლიცია აპირებდა აქციის დაშლას, დაუდასტურა, რომ მათ ქმედებაში არ იყო კანონდარღვევა და დაპირდა, რომ წერილობით მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ არ მომხდარიყო მათი დაშლა.

მოშიმშილეებისაგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 12 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე,  აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა გაჩერდა, საიდანაც დაახლოებით 15-მდე პოლიციის თანამშრომელი გადმოვიდა  და მოშიმშილეებს ნებაყოფლობით დაშლა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც მათ აქციის მონაწილეების უარყოფითი პასუხი მიიღეს, პოლიციელებმა ძალის გამოყენებით აშალეს აქციის მონაწილეების კარავი და  ჩამოხსნეს პოლიტიკური გაერთიანების დროშა. აქციის დაშლის განმავლობაში  და მას შემდეგ პოლიციის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად არ შეხებიან.

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიერ 13 ნოემბერს გავრცელებული შსს-ს პრესსამსახურის განცხადებიდან იკვეთება, რომ მოშიმშილეების კარვის აღება მეტეოროლოგიური პირობების გამო, გორის მერიის მიმართვის საფუძველზე, მოქალაქეების სიცოცხლისა  და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით მოხდა. ტელე-რადიო კომპანიის ინფორმაციის შესაბამისად, გორის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა უარყო მერიის კავშირი მოშიმშილეების დაშლასთან დაკავშირებით.

 მოგვიანებით, დაახლოებით 19:30 საათზე აქციის მონაწილეებს დაუკავშირდა პოლიციის წარმომადგენელი და პოლიციის განყოფილებაში  დაკითხვაზე დაიბარა. მოშიმშილეებმა განუცხადეს, რომ ისინი პატრიოტთა ალიანსის გორის ოფისში აგრძელებდნენ შიმშილობას და განყოფილებაში ვერ მივიდოდნენ. პოლიციის წარმომადგენელმა მათ განუმარტა, რომ იმავე დღეს პოლიციის თანამშრომლები თვითონ მივიდოდნენ, თუმცა პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულის შემდგომ ამ დრომდე მათ აღარავინ დაკავშირებია.

 სამართლებრივი შეფასება

 იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან აქციის დაშლის სხვადასხვა საფუძველზე მითითება მოშიმშილეებთან კომუნიკაციის და ოფიციალური კომენტარების დროს, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათ რეალურ მიზანს აქციის დაშლა წარმოადგენდა და არა მოშიმშილეთა ინტერესებზე, ან ქალაქის იერსახეზე ზრუნვა.

 ჩვენი შეფასებით, აქციის მონაწილეების ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის, მათ შორის არც 150-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევა, რომელიც გულისხმობს ქალაქის იერსახის დამახინჯებას  სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური  შესრულებით შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებით ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვებით.

 აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებს არც მოშიმშილეთა ჯანმრთელობის დაცვის მოტივით ჰქონდათ მათ უფლებებში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. სახელმწიფოს მხრიდან პიროვნების ქცევაში ასეთი ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა პიროვნების მოქმედება აღწევს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნის რეალურ და სერიოზულ საფრთხეს[1], რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო.

 შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში იკვეთება საქართველოს კონსტიტუციითა და შეკრებებისა  და მანიფესტაციების შესახებ კანონით გარანტირებული მოქალაქეთა უფლების  დარღვევა, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

 საია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, უზრუნველყონ კონსტიტუციით აღიარებული  მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა და არ მოახდინონ თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების მოტივით, ან სხვა უსაფუძვლო მოტივით, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება, რაზეც საიას არაერთ განცხადებაში აღუნიშნავს.

 საია სწავლობს ქალაქ გორის მერიისა და სამართალდამცავი ორგანოების შესაბამის რეაგირებას და საზოგადოებას მოგვიანებით დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს.

 


[1] იხ. მაგალითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge