საია გმობს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების და ზეწოლის ფაქტებს


საია ეხმაურება 5 მაისს დილით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მომხდარ ინცინდენტს, სადაც პირველი არხის ჟურნალისტს ნიკა ავალიანს მომიტინგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს ოპოზიციის ლიდერებს, საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმდებები და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საკუთარი მომხრეების კანონიერ ჩარჩოებში მოქმედება. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი არხის საინფორმაციო სამსახური ხშირ შემთხვევაში არ ასრულებს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნას და  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ აშუქებს სრულად, ობიექტურად და თანმიმდევრულად.

მიუხედავად ამისა, საია შეახსენებს ოპოზიციას მათ ვალდებულებას, დაიცვან წესრიგი აქციების მიმდინარეობისას და პასუხი აგონ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაზე, იქნება ის აქციის მონაწილე, რიგითი გამვლელი თუ ჟურნალისტი, რომელიც მათი აზრით „არასწორად აშუქებს მოვლენებს“.

ასევე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ისინი მათ მიმართ განხორციელებულ ცენზურას აპროტესტებენ და არხის ხელმძღვანელობას თავისუფლად მუშაობის პირობებს სთხოვენ.

საია არაერთხელ ყოფილა ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის მომსწრე. მარტო უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დაიბლოკა სამი სიუჟეტი, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები ექსპერტების სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სამწუხაროდ, საია მოკლებული იყო შესაძლებლობას, ჟურნალისტების თანხმობის გარეშე, მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვის ფაქტებზე გაეკეთებინა საჯარო განცხადება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს:

ოპოზიციას – შეწყვიტოს ჟურნალისტების შეურაცხყოფა და საჯაროდ დაგმოს მათი ზოგიერთი მომხრის მიერ ჟურნალისტების მიმართ გახშირებული თავდასხმის ფაქტები.
ხელისუფლებას – შეწყვიტოს მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაციის განმუხტვაზე. 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge