გუშინ, 12 ივლისს, ქალაქ გორში კარალეთის დევნილთა დასახლებაში ”ქართული ოცნების” ლიდერების ჩასვლას ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
ინტერნეტ-გამოცემა qartli.ge-ს რედაქტორის საბა წიწიკაშვილის განცხადებით, ის შეხვედრას იღებდა კარალეთში, დევნილთა დასახლებაში, რა დროსაც ქალაქ გორის მაცხოვრებლებმა - გიგი და გოგიტა გოჩაშვილებმა, ასევე ქურთის თემის გამგეობის თანამშრომელმა ლევან მაისურაძემ, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოქალაქეების ერთი ჯგუფი გამოხატავდა აშკარა აგრესიას საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ჩასული აქტივისტების მიმართ. სააგენტო ინფო-9-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან აშკარად ჩანს აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. ცალკეული პირები მასმედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს ესროდნენ ქვებსაც, რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამ ეტაპზე დაშავებულები არიან სააგენტო "ინფო-9"-ის წარმომადგენლები: თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, "მე-9 არხის" ჟურნალისტები: ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია "თრიალეთის" წარმომადგენლები: ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი. სამწუხაროდ, აღნიშნული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე კვლავ არ იმყოფებოდა პოლიცია. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკების თავიდან აცილებას სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ერთი მოქალაქე ცდილობდა.
მერეთისა და დირბის ინციდენტის შემდეგ ეს არის შემთხვევა, როდესაც პოლიცია ვერ ახერხებს მისთვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების - მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების კონტრდემონსტრანტებისაგან დაცვას. შეკრების მონაწილეთა მიმართ ძალადობისას პოლიციის ეფექტური ჩარევის არ არსებობის პირობებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
საია გმობს კარალეთში მომხდარ ინციდენტს და შეშფოთებულია ძალადობრივ აქტებში საჯარო მოხელეების მონაწილეობით. მოქალაქეებისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ქურთის თემის გამგეობის თანამშრომლის ლევან მაისურაძის მონაწილეობა სავარაუდოდ შეიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობის ნიშნებს. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოიკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
საია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, მომავალში დროული ჩარევის გზით დაიცვას მშვიდობიან აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ძალადობის შესაძლო ფაქტები და არ დაუშვან საკუთარი მოსაზრების ძალადობრივი ფორმით გამოხატვა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge