„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტს წარუდგენს, რომელიც უკავშირდება საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმაში ორგანიზაციის მიერ ინიცირებული ვალდებულებების შესრულებას. რეგლამენტის ცვლილებები განხილულია საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან და მათი რეკომენდაციები შემუშავების პროცესში არის გათვალისწინებული.
საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმაში ორგანიზაციის ინიციატივით წარმოდგენილია ორი ვალდებულება:
ა) 2.3. ვალდებულება 2.3. კანონშემოქმედებით პროცესში კონსულტაციების ჩატარების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და მიღება;
ბ) ვალდებულება 2.4. კანონპროექტის განხილვისას, პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და მათი დროული გამოქვეყნება საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე.
საკანონმდებლო პროცესში კონსულტაციების ჩატარების მარეგულირებელი ნორმების შემუშავება მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდას კანონპროექტის განხილვის პროცესში. შემოთავაზებული ცვლილებები უზრუნველყოფს წამყვანი კომიტეტების მიერ კონსულტაციების მიღების მიზნით პროფესიულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებას და პარლამენტის ვებ-გვერდზე კონსულტაციების გრაფაში კანონპროექტის გამოქვეყნებას, ასევე კომიტეტებთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების გაძლიერებასა და კონსულტაციების როლის გაზრდას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცესში.
კანონპროექტის პირველად ტექსტში სამივე მოსმენით შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და დროული გამოქვეყნება უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას საკანონმდებლო პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას სამუშაო პროცესში. დაინტერესებულ მხარეებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა ელექტრონულ ფორმატში გაეცნონ კანონპროექტის პირველად ტექსტში თითოეული მოსმენის შედეგად შეტანილ ცვლილებებს და თვალი მიადევნონ საკანონმდებლო ინიციატივიდან კანონის მიღებამდე შეტანილ ცვლილებებს.
აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებია:
ა) სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების გაძლიერება - რეგლამენტის არსებული რედაქციით, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დაკომპლექტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს კომიტეტი.
წარმოდგენილი ცვლილებებით, კომიტეტს შეუძლია შექმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კონკრეტულ განსახილვევ საკითხთან დაკავშირებით. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე ინიციატივის წარმოდგენის უფლება, კომიტეტის თავმჯდომარის გარდა, ექნება ასევე კომიტეტის წევრს და კომიტეტი დამსწრეთა ხმების უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებას საბჭოს შექმნის თაობაზე. გარდა ამისა, საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება და წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება კომიტეტის თავმჯდომარის გარდა, ექნება კომიტეტის წევრს, უნივერსიტეტს ან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, ასევე შესაბამის სფეროში არსებულ პროფესიულ გაერთიანებას ან არასამთავრობო ორგანიზაციას. შესაბამისი კომიტეტი განსაზღვრავს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესს. საბჭოს მიერ მომზადებული დასკვნას განიხილავს კომიტეტი და აღნიშნული დასკვნა დაერთვება პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს. საბჭო წყვეტს ფუნქციონირებას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ბ) კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება - წამყვანი კომიტეტი საჭიროების შემთხვევაში, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებას კონსულტაციის მისაღებად მიმართოს კონკრეტულ არასამთავრობო ან პროფესიულ ორგანიზაციას, ასევე კანონპროექტი გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე საჯარო კონსულტაციების განყოფილებაში და განსაზღვროს საჯარო კონსულტაციების მიღების გონივრული ვადა.
გ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა
წარმოდგენილი ცვლილებებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ემატება მტკიცების სტანდარტი და განისაზღვრება მინიმალური ვადა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან მისი განხილვის დაწყებამდე.
წარმოდგენილი ცვლილებებით, მტკიცების სტანდარტი გულისხმობს, რომ „კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ზოგადი წესით მისი განხილვა არსებითი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს კანონპროექტის მოსაწესრიგებელი სფეროსათვის.“ გარდა ამისა, „წამყვანი კომიტეტი დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტს არ განიხილავს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღეს.“ აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტების ოდენობის შემცირებას და უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისათვის კანონპროექტზე წარსადგენი მინიმალური ვადის განსაზღვრას, რაც გამორიცხავს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დაჩქარებული წესით გადაწყვეტილების მიღების დღესვე.
დ) კანონპროექტის პირველად ტექსტში სამივე მოსმენით შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა
წარმოდგენილი ცვლილებებით, პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტში პირველიდან მესამე მოსმენამდე შეტანილი ცვლილებების ადვილად დამუშავებად და ხილვად ფორმატში ასახვას, რაც დაინტერესებულ მხარეებს მისცემს შესაძლებლობას თვალი მიადევნოს კანონპროექტის სახეცვლილებას ინიციატივის წარდგენიდან კანონის მიღებამდე.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო რეგლამენტის ცვლილებების პროექტს აღნიშნული სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტი მიიღებს შესაბამის ცვლილებებს პარლამენტის რეგლამენტში, რაც უზრუნველყოფს საკანონმდებლო პროცესში კონსულტაციების მექანიზმის გაძლიერებასა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge