საია ეხმიანება ჟურნალისტ დავით მჭედლიძისთვის პოლიციის მხრიდან პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა შეიცავს თუ არა ის დანაშაულის ნიშნებს, მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ჟურნალისტის იძულება, არ გაავრცელოს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების მუშაობის თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მით უფრო, თუ ასეთი იძულება მომდინარეობს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
2016 წლის 18 აგვისტოს, ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსში შექმნილი კონფლიქტური ვითარების გაშუქების მიზნით მისულ ჟურნალისტს პოლიციამ იძულების გამოყენებით არ მისცა უფლება შეეგროვებინა და გაევრცელებინა ინფორმაცია, რითაც ხელი შეუშალა მას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ინტერნეტგამოცემა „მედია.ჯის“ რედაქტორი დავით მჭედლიძე აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომელმა ფიზიკური იძულების გზით გაუთიშა მას ვიდეოკამერა, არ მისცა კადრების გადაღების საშუალება და ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გააგდო ოთახიდან.
- მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტ დავით მჭედლიძის მიერ მითითებულ, მისი პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული საქმე, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
- მოვუწოდებთ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, უზრუნველყონ ჟურნალისტებისათვის მუშაობის უსაფრთხო და თავისუფალი გარემო, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge