საია ეხმიანება ოზურგეთის მერობის კანდიდატის წარმომადგენელზე სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ძალადობას

2017 წლის 8 ნოემბერს, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენლის, გიორგი როყვას მიმართ  მუქარა და შანტაჟი განხორციელდა. შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გიორგი როყვას მიმართ მუქარასა და შანტაჟს ახორციელებდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე. მათ პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს ის სმს შეტყობინებები, რომელსაც გიორგი როყვა უგზავნიდა შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი სირაძეს. სმს შეტყობინებების მიხედვით, გიორგი როყვა ირაკლი სირაძეს წერდა, რომ ბეგი სიორიძე იყო მასთან და მიუგზავნა თავისი მხარდამჭერები. იგი ირაკლი სირაძეს სთხოვდა, რომ ამ უკანასკნელს სიორიძის მხარდამაჭერებისათვის დაედასტურებინა, რომ შეცდომა იყო და გიორგი როყვა კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი არ ყოფილა. აგრეთვე, სთხოვდა, რომ გაეუქმებინა მისი წარმომადგენლობა, ვინაიდან პრობლემები არ უნდოდა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში გიორგი როყვასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევის შესწავლა დაიწყო. ორი დღის შემდგომ იგი ფაქტთან დაკავშირებით შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში   გამოკითხეს. 

გამოკითხვის  შემდგომ გიორგი როყვამ მედიის წინაშე განაცხადა, რომ მის მიმართ არანაირ ზეწოლა არ ყოფილა და კითხვაზე, მართლა გაუგზავნა თუ არა მან მესიჯები, უპასუხა, რომ არანაირი მესიჯები კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წარმომადგენლის ირაკლი სირაძისათვის არ გაუგზავნია. ხოლო კითხვა, გაგზავნილია თუ არა სირაძის მიერ გასაჯაროებული მესიჯები მისი ტელეფონიდან, უპასუხოდ დატოვა.  

მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანომ გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. გამოძიების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შესაძლო ძალადობის მუქარით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ გავლენას დაზარალებულზე.

მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, მყისიერად დაიწყონ გამოძიება.

საია მზად არის, მისივე სურვილის შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს გიორგი როყვას.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge