დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანა ხაჭაპურიძის სახელით
საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. გასაჩივრებული ნორმები 1 განსაზღვრავს
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საგრანტო პროექტების შეფასების
კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში
უპირატესობა ენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
საიას მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მე-4
პუნქტების მიხედვით სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის შექმნას
განსაკუთრებული პირობები განათლების სფეროში. გასაჩივრებული ნორმით
დადგენილი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე საგრანტო პროექტების
დაფინანსების შეფასების კრიტერიუმები არ ითვალისწინებს შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრის ინტერესს
და უპირატესობას ანიჭებს საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის ინტერესს. საიას
პოზიციით, იმ შემთხვევაში, თუკი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე
საგრანტო კონკურსში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები
იღებენ და საგრანტო პროექტის შეფასებისას სხვების მსგავსად თანაბარ ქულებს
დააგროვებენ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს არა ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს,
არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროექტებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საია სადავოდ არ ხდის მცირებიუჯეტიანი პროექტის
წარდგენის კრიტერიუმით გამარჯვებული სადოქტორო პროექტის გამოვლენის
შესაძლებლობას, როდესაც კონკურსში მონაწილეობენ პირები, რომლებსაც არა აქვთ
შეზღუდული შესაძლებლობები და რომლებიც მიიღებენ თანაბარ შეფასებას. აღნიშნული
სარჩელით საია ასევე არ ითხოვს სადოქტორო პროგრამების დაფინანსებისას
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კვოტების დაწესებას.
1 „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30
სექტემბერის №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო
პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები“ დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge