საია დიმიტრი შაშკინის განცხადებას ეხმაურება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ა.წ. 21 სექტემბრის განცხადებას სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენლის დასახელების შესახებ. კერძოდ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ბატონმა შაშკინმა განაცხადა:

„არასამთავრობოები ვერ შეთანხმდნენ საბოლოო ხუთკაციან სიაზე, ერთი ნაწილი დაუპირისპირდა მეორე ნაწილს, მესამე ნაწილი საერთოდ არ ჩართეს პროცესში, რის შედეგადაც მივიღეთ ის, რომ უკვე პირველი საათია და ჩვენთან 15-ზე მეტი განცხადებაა შემოსული ცალ-ცალკე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვერ დაეთანხმება სამინისტროს განცხადებას იმის თაობაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი შეგნებულად არ იქნა კანდიდატურის შერჩევის პროცედურაში ჩართული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკუთარი ოფისი შესთავაზა 17 სექტემბერს ბატონ მინისტრთან შეკრებილ არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა წარმომადგენელს, კომისიაში შემავალი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების 5-კაციანი სიის შედგენის მიზნით.

საიაში გამართულ შეხვედრაზე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან დასახელდა 13 კანდიდატურა, საიდანაც ფარული კენჭისყრის გზით გამოვლინდა ხუთი კანდიდატი. არჩევნების ჩატარების იდეა არ გაიზიარა ორგანიზაციის „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ წარმომადგენელმა, რომელმაც შეხვედრა დატოვა. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის გაურკვეველია სამინისტროს პრეტენზია მაშინ, როდესაც საიაში გამართული შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელთა მოწვევა სწორედ სამინისტროს პრესსამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.    

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბატონი დიმიტრი შაშკინის განცხადებას აფასებს არასამთავრო სექტორში დაპირისპირების გაჩენის მცდელობად და თვლის, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ხელს არ შეუწყობს ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.    

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge