გუშინ, 24 აპრილს, ვაზისუბანში, ყოფილი სპეც-ავტომეურნეობის შენობიდან პოლიციის მიერ გამოსახლებულ იქნენ ორგანიზებულად განსახლებული დევნილები, რომლებიც ამ შენობაში 2003 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობდნენ.
აღნიშნულ შენობაში დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გატაწყვეტილებით შესახლდნენ. ამასთან, ზემოაღნიშნული სამინისტრო კანონმდებლობის საფუძველზე თითოეულ დევნილს ყოველთვიურად (ფულადი დახმარების გარდა) უხდიდა ელექტროენერგიის საფასურს 13 ლარის ოდენობით.
2006 წლის ოქტომბრიდან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გაურკვეველი მიზეზების გამო შეწყვიტა დევნილთათვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. მას შემდეგ (ბოლო 7 თვე) დევნილები ელექტროენერგიის გარეშე იმყოფებიან.
2007 წლის 15 მარტს აღნიშნული შენობა გაიყიდა. როგორც აღმოჩნდა ობიექტი კერძო პირს ეკუთვნოდა, რომელმაც შენობა იქ მცხოვრები დევნილების გაფრთხილების გარეშე გაყიდა.
ახალმა მესაკუთრემ აღნიშნული შენობიდან დევნილთა გამოსახლების მიზნით პოლიციას მიმართა. როგორც აღმოჩნდა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინა მესაკუთრესთან დადებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დევნილებმა უფლება მოიპოვეს ეცხოვრათ აღნიშნულ ობიექტში.
კანონის მიხედვით, "საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც"... "გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობები." აღნიშნული პროცედურა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უპირობო ვალდებულებაა. მიუხედავად ამისა, სამინისტრო საერთოდ უარყოფს იმ ხელშეკრულების არსებობას, რომელიც თავის დროზე თავად მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ (თ. ლომაია) გააფორმა და რომლის საფუძველზეც, ზემოაღნიშნულ დევნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აეღო დევნილთა და განსახლების სამინისტროს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ პროცესში (როგორც დევნილთა წარმომადგენელი) 2007 წლის მარტის თვიდან ჩაერთო. საიას ადვოკატმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დავის სასამართლო წესით გადაწყვეტამდე პოლიციას აკრძალვოდა დევნილების გამოსახლება. აღნიშნული განცხადება სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ განჩინება პოლიციას დროულად ჩაბარდა სამართალდამცველებმა უხეშად დაარღვიეს კანონი და არ უზრუნველყვეს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების აღსრულება.
ამ პროცედურების შედეგად, გუშინდელი ღამე დევნილებმა ღია ცის ქვეშ, კოკისპირულ წვიმაში გაატარეს. დაზიანდა და დაიკარგა. მათი პირადი ნივთები და საოჯახო ინვენტარი.
აღნიშნულზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პასუხისმგებლობას შსს-სა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აკისრებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge