საია და მწვანე ალტერნატივა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ, რომლითაც ნამახვანის ჰესების კასკადზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა.
საქმისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან გასაჩივრებული აქტის აღსრულება არსებით და შეუქცევად ზიანს აყენებს როგორც ბუნებრივ, ასევე კულტურულ გარემოს, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. აქტის მოქმედებით დამდგარ ზიანსა და უკანონობას ადასტურებს წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეც შპს „ენკა რინიუებლზის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
საიამ და მწვანე ალტერნატივამ ადგილობრივების ინტერესების დასაცავად ჯერ კიდევ 2020 წლის 06 აპრილს მიმართეს სარჩელით სასამართლოს და მოითხოვეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა. თუმცა, დღემდე მოსამზადებელი სხდომაც კი არ არის ჩანიშნული. იმ პირობებში, როდესაც სარჩელის არსებითი განხილვა ჭიანურდება, მხოლოდ აქტის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში ენიჭება მნიშვნელობა სასამართლოში დავას, რადგან სამშენებლო სამუშაოების კანონდარღვევით გაგრძელების და ჰესის აშენების შემთხვევაში, თუნდაც დაკმაყოფილდეს სარჩელი, ვერ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ზიანი იქნება არსებითი, შეუქცევადი და ვეღარ აღდგება პირვანდელი გარემო.
გასაჩივრებული აქტი გამოცემულია ისე, რომ შპს ,,ენკა რინიუებლზმა“ არ უზრუნველყო ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოების შესამოწმებლად სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება და მოეთხოვა ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენა, ან უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და კომპანიას შემდგომში დაავალა იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რათა განსაზღვრულიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის დონე და ამ საფრთხის შემსუბუქებისა, თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge