2020 წლის 17 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ძალადაკარგულად გამოაცხადა მისივე ბრძანება, რომლითაც ლენტეხში ხელედულა-3 ჰესის მშენებლობის პროექტში შეტანილი ცვლილებების სკოპინგის დასკვნა დამტკიცდა. 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზეზი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიუღებლობა დასახელდა.
ძალადაკარგული ბრძანების ბათილად ცნობას უკვე 2 წელია ითხოვს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობა, რომელთა ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.
საიამ სასამართლოს წარუდგინა „მწვანე ალტერნატივასა“ და გარემოსდაცვითი შეფასების დამოუკიდებელი ექსპერტის საექსპერტო დასკვნები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ სკოპინგის დასკვნა გაიცა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მოთხოვნების უხეში დარღვევით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰქონდა სრული საფუძველი უარი ეთქვა შპს „ხელედულა ენერჯისათვის“ საქმიანობის უფლების განხორციელებაზე. სკოპინგის ანგარიშში არ იყო შესწავლილი და წარმოდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
- ჰიდროლოგიური კვლევის ანგარიში;
- საპროექტო დერეფანში ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში. მითუმეტეს, რომ მდ. ხელედულას ხეობა გამოირჩევა გეოდინამიკური პროცესების გავრცელების ფართო სპექტრით, განსაკუთრებით კი ღვარცოფული პროცესებით;
- არ ჩატარებულა წყლის ბიომრავალფეროვნების საველე კვლევები;
- არ იყო შესწავლილი, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია სადერივაციო გვირაბის გაყვანას მიწისქვეშა წყლებზე და შესაბამისად, იქონიებდა თუ არა ეს ზეგავლენას პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული სოფლების სასმელი წყლით მომარაგებაზე.
საგულისხმოა, რომ პროექტის განხორციელების საფრთხეებზე თავად სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფიც მიუთითებდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა გარემოზე ზემოქმედების ხასიათის და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის შეუძლებლობა და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა, სამინისტრომ 2018 წელს მაინც გასცა სკოპინგის დასკვნა და უარი არ უთხრა საქმიანობის განხორციელებაზე „ხელედულა ენერჯის“. ასევე, მიუხედავად სარჩელის საფუძვლიანობისა, თბილისის საქალაქო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა ადგილობრივ მცხოვრებთა სარჩელი.
საია და მწვანე ალტერნატივა დადებითად აფასებენ „ხელედულა 3 ჰესის“ სკოპინგის დასკვნის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მოუწოდებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მომავალში მსგავსი პროექტების განხორციელებისას უზრუნველყოს სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერი გათვალისწინება და გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის განხორციელებისას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge