საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შესახებ განცხადებას ავრცელებს

2012 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი დაკომპლექტდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, შევიდა ამ ჯგუფის შემადგენლობაში.

სამუშაო ჯგუფს გადაეცა თბილისის ჰელსინკის ჯგუფის მიერ კომიტეტში გაგზავნილი პოლიტიკური მოტივებით დაკავებული თუ ძებნილი პირების სია (185 პატიმარი და 13 ძებნილი პირი). გარდა ამისა, მუშაობის დაწყების შემდგომ კომიტეტს წარედგინა სხვა განცხადებებიც, რაც პერიოდულად სამუშაო ჯგუფს ეგზავნება განსახილველად. ჯგუფმა უნდა დაადგინოს, ამ სიაში მითითებული პირები წარმოადგენენ თუ არა პოლიტიკურ პატიმრებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით ან სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტით პოლიტპატიმრის დეფინიცია დადგენილი არ არის. თუმცა,  მიმდინარე წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია #1900, რომლითაც დაადგინა პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია. საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმრის საქმე შეისწავლოს მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს ევროპის საბჭოს მოთხოვნები და პოლიტპატიმრების საქმეთა შესწავლისას გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული რეზოლუცია. აქვე აღვნიშნავთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ადგენს ხუთ ძირითად კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც თავისუფლებააღკვეთილი პირი მიიჩნევა პოლიტპატიმრად.

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ სტატუსის განსაზღვრა მოხდებოდა სწორედ ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად.

მივესალმებით საქართველოს პარლამენტის ინიციატივას პოლიტპატიმრების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით და მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.  მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესის წამოწყება და სწორად წარმართვა უმნიშვნელოვანესია სამართლიანობის აღსადგენად, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ მნიშვნელოვან პროცესში.

თუმცა, სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის. სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლევა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მივიჩნევთ, რომ  ჯგუფმა უნდა მოამზადოს დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები თითოეული საქმის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირული  შეფასებები, უზუსტობები და უსამართლო მიდგომები.

მიგვაჩნია, რომ დადგენილი ორკვირიანი ვადის ფარგლებში და ჯგუფის მიერ განსაზღვრული ფორმატით შეუძლებელია 185 პოლიტიკური პატიმრისა და 13 პოლიტიკური დევნილი პირის საქმეებზე სრულყოფილი დასკვნების მომზადება. ჩვენთვის ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატის ვადის გაგრძელება არ იგეგმება, რაც საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას არ იძლევა.

მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და `კონსტიტუციის 42-ე მუხლი~ ვერ კისრულობს ამ ფორმატით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის ვალდებულებას და მუშაობას წყვეტს. ამასთან, გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩვენ მიერ წარმოებული საქმეები და მომზადებული დასკვნები წარვადგინოთ ჯგუფში და ამ მხრივ დავეხმაროთ მას მუშაობაში.

სამუშაო ჯგუფის შექმნა მიუთითებს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია პარლამენტი საკითხს სიღრმისეულად მიუდგეს,  უზრუნველყოს სამართლიანი და ობიექტური პროცედურები, რათა საზოგადოებას უსამართლობის განცდა არ გაუჩნდეს. ამასთან, უცნობია, თუ რა პროცედურით აპირებს პარლამენტი სამუშაო ჯგუფის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტმა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. ამასთან, ამ პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამ მიმართულებით.

ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ უკვე წლებია ვმუშაობთ პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე, ვუწევთ მათ საადვოკატო დახმარებას საქართველოში და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. შესწავლილი გვაქვს არაერთი პოლიტიკური პატიმრის საქმე, გამოცემული  გვაქვს ანგარიშები და კვლევები.  ჯგუფის დატოვების მიუხედავად, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ჩვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge