საია და EMC წულუკიძისა და ბახუნტარიძის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აკეთებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ერთობლივ განცხადებას აკეთებენ ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნტარიძის დაკავების დროს პოლიციის მიერ სავარაუდოდ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და დაკავებამდე რელიგიური ნიშნით მათი უფლებების შეზღუდვის ფაქტების თაობაზე.  

 
ფ. წულუკიძისა და თ. ბახუნტარიძის საქმე საზოგადოებისთვის საინტერესო ჯერ კიდევ მათ დაკავებამდე გახდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია 2013 წლის 10 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მიერ ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენი ფ. წულუკიძის გამგზავრების აკრძალვის თაობაზე. ( მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია )  14 აგვისტოს EMC-იმ ფ. წულუკიძეს ახსნა-განმარტება ჩამოართვა, სადაც ის უთითებდა, რომ ბულგარეთში, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების ღამეს აეროპორტში შსს-ს თანამშრომლებმა ის საზღვარზე არ გაატარეს იმ არგუმენტით, რომ მას ეკრძალებოდა სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება, თუმცა ამგვარი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი და ფაქტობრივი მიზეზები მისთვის არ განუმარტავთ. წულუკიძის თქმით, მოგვიანებით, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარემ, ლუკა კურტანიძემ ზეპირ კომუნიკაციაში მას განუმარტა, რომ მისთვის უფლების შეზღუდვის მიზეზი „სახელმწიფოსთვის არასასურველ პირებთან მეგობრობა იყო“. აღსანიშნავია, რომ მის განმარტებაში ფ. წულუკიძე უთითებდა, რომ მანამდე მის მიმართ ადგილი ჰქონდა რელიგიური ნიშნით შეზღუდვის ფაქტებს და მას ჩემპიონატებზე გასვლის წინ წვერის მოპარსვას სთხოვდნენ, რასაც ის არ ემორჩილებოდა. 2013 წლის 15 აგვისტოს EMC-იმ ახსნა-განმარტება ჩამოართვა თ. ბახუნტარიძეს, რომელიც ფ. წულუკიძის მეგობარი, მისი სულიერი ძმაა და ბათუმში ტრენერად მუშაობდა. თ. ბახუნტარიძის მითითებით, ბათუმის შსს-მ თანამშრომლებმა ის განყოფილებაში დაიბარეს და მოსთხოვეს სწავლების დროს რელიგიური ქადაგებისა და ლოცვის შეწყვეტა, სხვა შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ბახუნტარიძის განმარტებით, მისი მოწაფეები მუსლიმები იყვნენ და ვარჯიშის შემდეგ რელიგიური საქმიანობის განხორციელების პრობლემას ვერ ხედავდა. თ. ბახუნტარიძის განცხადებით, შსს-ს ბათუმის თანამშრომლებმა მისი სპორტული კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები სამმართველოში დაიბარეს  და მათ ბახუნტარიძის კლასის დატოვება მოსთხოვეს. ფ. წულუკიძისა და თ. ბახუნტარიძის ახსნა-განმარტებით, ისინი მკაცრად იცავენ ისლამის რელიგიურ პრინციპებს და არ სურდათ რაიმე სახის კომპრომისზე წასვლა. 
 
აღსანიშნავია, რომ EMC-იმ ოფიციალური წერილით მიმართა შსს-ს და სთხოვა განემარტებინა ის ნორმა და მიზეზები, რომელიც ფ. წულუკიძისთვის სახელმწიფო ტერიტორიის დატოვების აკრძალვის საფუძველი გახდა. შსს-ს ასევე ეთხოვა რეაგირება თ. ბახუნტარიძის ახსნა-განმარტებაში მითითებულ გარემოებებზე, თუმცა, შსს-ს ამ დრომდე აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია.   
 
როგორც ცნობილია, 2013 წლის 13 სექტემბერს ფ. წულუკიძე და თ. ბახუნტარიძე პოლიციამ ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქის, იუსუფ ლაკაევის დაკავების ოპერაციის დროს დააკავეს. წულუკიძეს და ბახუნტარიძეს ბრალად წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა. ( იხ. შსს-ს ოფიციალური განცხადება )  2013 წლის 17 სექტემბერს საია-ს ადვოკატები დაკავებულ ფ. წულუკიძესა და თ. ბახუნტარიძეს შეხვდენენ. საია-თვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში, რომელიც არსებითად ერთმანეთის თანხვედრია, ფ. წულუკიძემ და თ. ბახუნტარიძემ მიუთითეს, რომ ლაკაევის მიერ პოლიციისთვის ცეცხლის გახსნის დროს ის მათ მანქანაში არ იმყოფებოდა, რადგან როგორც კი შენიშვნებს, რომ პოლიცია მათ უთვალთვალებდა, ლაკაევს მანქანიდან გადასვლა სთხოვეს. ლაკაევის მიერ პოლიციისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტი მათთვის მოულოდნელი იყო. პოლიციასა და ლაკაევს შორის ურთიერთსროლის დროს წულუკიძესა და ბახუნტარიძეს არ უცდიათ ადგილიდან გაქცევა, რათა თავი დაეზღვიათ პოლიციის მიერ მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების რისკისგან. ურთიერთსროლის შემდეგ, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ისინი საჯარო ადგილას ქუჩაში იდგნენ და იმისთვის, რომ პოლიცია მათ დაუსაბუთებლად არ მოდავებოდა, განზრახ ხალხმრავალ ადგილას ტრიალებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ პოლიციამ ისინი პუშკინის ქუჩაზე დააკავა. ბახუნტარიძისა და წულუკიძის განმარტებით, პოლიციის მიერ იარაღის გამოყენებისა და ბრალდების წაყენების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციისთვის მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. თუმცა, პოლიციამ დაკავების დროს, ისევე როგორც დაკავების შემდეგ მათ წინააღმდეგ არააუცილებელი და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ბახუნტარიძე და წულუკიძე იხსენებენ, რომ მას შემდეგ რაც ისინი დააკავეს და ხელბორკილები დაადეს, პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ უხეში ძალა გამოიყენეს, კერძოდ, მათ ავტომატის კონდახი ჩაარტყეს და წიხლებით სასტიკად ურტყამდნენ. ცემის დროს პოლიციელები მათ და ისლამს აგინებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბახუნტარიძისა და წულუკიძის განმარტებით, მათ შეუძლიათ იმ პოლიციელების ამოცნობა, რომლებმაც ისინი სასტიკად სცემეს. ბრალდებულების განცხადებით, განსაკუთრებული აგრესიით პოლიციის თანამშრომელი თემურ კვანტალიანი გამოირჩეოდა. ბახუნტარიძის განმარტებით, სწორედ კვანტალიანი მოუწოდებდა მას რელიგიური ქადაგების შეწყვეტისკენ, სხვა შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით ემუქრებოდა. თ. ბახუნტარიძემ ცემის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო, მას ასევე აღენიშნება დაზიანებები თავის, კეფისა და მხრის არეში. თავზე დაზიანება აღენიშნება ფ. წულუკიძესაც. ( ბრალდებული ფ. წულუკიძისა და თ. ბახუნტარიძის ადვოკატის განცხადება )  მათი ფიზიკური დაზიანებების ფაქტს ადასტურებს ფოტო მასალა, რომელიც სასამართლოში მათი მიყვანის დროს არის გადაღებული.  დაკავების დროს წულუკიძისა და ბახუნტარიძისთვის მიყენებული დაზიანებების ფაქტზე გამოძიების მოთხოვნით  პროკურატურას განცხადებით სახალხო დამცველმაც მიმართა. ( სახალხო დამცველის განცხადება )
 
ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ მოუწოდებთ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:
 
- შსს-მ დროულად გააკეთოს ოფიციალური განმარტება იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც დაკავებამდე ფ. წულუკიძისა და თ. ბახუნტარიძისთვის სავარაუდოდ მათი რელიგიური კუთვნილების გამო სპორტული, პედაგოგიური საქმიანობისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი გახდა. მათ შორის, ვთხოვთ შსს-ს განმარტოს რომელი ნორმა / გადაწყვეტილება გახდა ფ. წულუკიძისთვის საქართველოს ტერიტორიის  დატოვების აკრძალვის საფუძველი;
 
- წულუკიძისა და ბახუნტარიძის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების აუცილებლობისა და პროპორციულობის შესწავლის მიზნით დაიწყოს დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება მითითებულ ფაქტებზე და გამოძიების შედეგები დროულად აცნობოს საზოგადოებას. ამ მიმართებით გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის #34 ბრძანების მე–2 პუნქტისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ვითხოვთ, საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ჩაატაროს. 
 
- ამასთან მოვუწოდებთ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს მიიღონ ყველა შესაძლო ზომა თ. წულუკიძისა და თ. ბახუნტარიძის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 
 
საია და EMC დააკვირდებიან წულუკიძისა და ბახუნტარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესს და მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებების დასაბუთებულობასთან, ისევე როგორც სასამართლო განხილვის სამართლიანობასთან  დაკავშირებით შეფასებას გააკეთებენ.  
 
 
 
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge