საია ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლოს პროცესის გაჭიანურებას ეხმაურება

საია მონიტორინგს უწევს ბაჩო ახალაიას საქმის განხილვას და  ჩვენი შეფასებით  პროკურატურის ქმედებები  საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების ნიშნებს შეიცავს.

პროკურორ რევაზ ნადოის 17 სექტემბერს საქმეზე უნდა წარმოეთქვა დასკვნითი სიტყვა, რაც ვერ მოხერხდა ამავე პროკურორის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო (აღსანიშნავია, რომ წინა დღეს 16 სექტემბერს, პროკურორი ნადოის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაიდო საქმე მეგის ქარდავასა და სხვათა მიმართ. წერილობით განცხადებაში პროკურორი მიზეზად ახალაიას სხდომაზე დასკვნითი სიტყვისათვის მზადებას ასახელებდა). ბაჩო ახალაიას საქმეზე ჩატარებულ მომდევნო სხდომაზე რევაზ ნადოის გამოუცხადებლობის მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა, თუმცა საქმეში ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი ცნობა, რაც აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს. 

19 სექტემბერს საქმეში ჩაერთო პროკურორი ია დარჯანია, რომელმაც თავდაპირველად მოითხოვა პროცესის გადადება 30 დღით, იმ მიზნით, რომ საჭიროებდა საქმის მასალების გაცნობას. მას ამისათვის  მიეცა 10 დღე. 30 სექტემბრის სხდომაზე პროკურორი დარჯანია სხდომაზე ისევ მოუმზადებელი გამოცხადდა და ითხოვა დამატებით 20 დღე საქმის მასალების გასაცნობად, მოსამართლემ დამატებით 7 დღის ვადა განუსაზღვრა. ხოლო დღევანდელ სხდომაზე  ია დარჯანიამ თვითაცილების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.  პროკურორმა ია დარჯანიამ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის, მსგავსად იყო დევნილი აფხაზეთიდან, მათ ჰყავდათ ერთი სანაცნობო წრე, რომლის მხრიდან ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა  მასზე როგორც პირადად, ისე სოციალური ქსელების მეშვეობით. ასევე ის, რომ მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ კოლეგებთან - ბ.ახალაიას ადვოკატებთან საჯაიასთან და ონიანთან (თუმცა, ეს პირები არ ადასტურებენ მეგობრულ ურთიერთობას, აცხადებენ, რომ მხოლოდ ყოფილი კოლეგები იყვნენ და მათი ურთიერთობა სამსახურებრივს არ გასცდენია). თვითაცილების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროცესზე დღეს ჩართულმა პროკურორმა ლევან ადეიშვილმა, იმის გამო, რომ მისთვის დღეს გახდა ცნობილი პროკურორი დარჯანიას გადაწყვეტილება და საქმე მრავალტომიანია, დამატებითი ვადა მოითხოვა საქმის მასალების გასაცნობად. მოსამართლემ 10-დღიანი ვადა მისცა ბრალდების მხარეს.
 
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თვითაცილება უნდა იყოს დასაბუთებული. პროკურორ რევაზ ნადოის არ დაუსაბუთებია, რომ საქმიდან მისი ჩამოცილების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო. რაც შეეხება ია დარჯანიას, მისთვის წინასწარ ცნობილი იყო საქმეში მასთან მეგობრულად განწყობილი პირების ადვოკატად მონაწილეობის ფაქტი, ამის მიუხედავად მან თავიდანვე არ აიცილა საქმე. ასევე არადამაჯერებელია პროკურორის მტკიცება ბრალდებულის მეუღლესთან საერთო სანაცნობო წრის მიერ მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიური ზემოქმედების თაობაზე. უცნობია, როდიდან დაიწყო სანაცნობო წრემ ია დარჯანიაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ამ საფუძვლით რატომ არ დააყენა თვითაცილების შუამდგომლობა 30 სექტემბერს, როდესაც მან მოუმზადებლობის გამო სხდომის გადადება სთხოვა სასამართლოს.  
 
გარდა ამისა, საქმის გაჭიანურებით წარმოიშობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის რისკიც. კონვენცია იცავს ადამიანის უფლებას - სასამართლომ მისი საქმე განიხილოს გონივრულ ვადაში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის დადგენისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, საქმის გაჭიანურება ხომ არ არის გამოწვეული სახელმწიფო ორგანოების ქმედებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელმა თავი უნდა შეიკავოს, ხოლო სასამართლომ არ უნდა დაუშვას პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურება (ბარაონა პორტუგალიის წინააღმდეგ). გონივრული ვადების დაცვასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მოთხოვნა განსაკუთრებით მკაცრია, მაშინ როცა საქმის განხილვის გაჭიანურება იწვევს ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას (სმირნოვა რუსეთის წინააღმდეგ).
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge