საია ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ეხმაურება უკანასკნელ პერიოდში მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული სიტუაციის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით საიამ 2012 წლის 20 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა.

 
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ისმის გარკვეული წუხილები რეგიონებში თვითმმართველობების (საკრებულო, გამგეობა) ხელმძღვანელი პირების შეცვლასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ცვლილება ბუნებრივად მიმდინარეობს, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ცვლილება ხორციელდება გარკვეული ფარული თუ აშკარა ზეწოლის ფონზე. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ახლად დანიშნული თანამდებობის პირები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებიან, რაც, ცხადია, უარყოფითად იმოქმედებს და დაძაბავს არსებულ სიტუაციას.
 
მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ტელეკომპანია ,,თრიალეთის” საინფორმაციო ჩართვაში მონაწილეობდა ქარელის გამგებელი ივანე ოსაძე, რომელმაც განაცხადა, რომ დანიშვნის შემდეგ თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლაზე განცხადებების დაწერა მოსთხოვა, მოგვიანებით კი გადაწყვეტს, თუ რომელი თანამშრომელი გაუშვას სამსახურიდან და რომელი - არა. ამავე გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, სადაც კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე აცხადებს, რომ კასპის რაიონის ჩვიდმეტივე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს თანამდებობა 29 ნოემბერს დაატოვებინა, უახლოეს მომავალში კი,  სკოლებსაც მოსთხოვს პასუხს - შეხვდება დირექტორებს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი საკუთარი ნებით დატოვებენ სამსახურს. იგივე სიტუაციაა შექმნილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მაგალითად, თელავში. 
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შესაბამის თანამდებობის პირებს, ნუ გასცდებიან კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, რადგან მსგავს ქმედებაში შესაძლოა გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები. ამასთან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეისწავლონ ზემოაღნიშნული შემთხვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი უკანონო ქმედება (ზეწოლა, მუქარა, დაშინება...), რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თვითმმართველობის ორგანოების თუ თანამშრომლების მიმართ ან მათი მხრიდან, უნდა იყოს დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად შესწავლილი, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს. 
 
საიას ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ჯეროვანი მმართველობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ თვითმმართველობებთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. ყველა პირს, ვინც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები შეილახა ან ამის საშიშროება არსებობს, გთხოვთ, მიმართოთ საიას თბილისის ან რეგიონულ ოფისებს. ჩვენ ეს შესაძლებლობას მოგვცემს, მოვახდინოთ საკითხის სიღრმისეული შესწავლა და დარღვეული უფლებების დაცვა.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge