საია აცხადებს ტენდერს რეგიონული განვითარების საექსპერტო მომსახურებაზე

საია იწვევს ექსპერტებს ან/და ორგანიზაციებს, რეგიონული განვითარების საექსპერტო მომსახურების გასაწევად გამოცხადებულ კონკურსში. საია დაიქირავებს 10-მდე დამოუკიდებელ ექსპერტს  ან 1-2 ორგანიზაციას აღნიშნული დავალების შესასრულებლად.

 

პროექტის მოკლე აღწერა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება“  ერთ-ერთი მიზანია სიღარიბით გამოწვეული არალეგალური ემიგრაციის შემცირების ხელშეწყობა.

ამ მიზნის მისაღწევად, საიას მიერ დაგეგმილი ერთ-ერთი საქმიანობა მოიცავს მიგრაციისადმი მოწყვლადი სოფლების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, ერთი მხრივ, მოსახლეობისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებით, მათთვის მნიშვნელოვან ფინანსურ, საინვესტიციო და სამართლებრივ საკითხებზე, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, საინვესტიციო რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება კონკრეტული მუნიციპალიტეტების საჭიროებების მიხედვით.

აღნიშნული კომპონენტი მოიცავს:

  1. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მიგრაციის, ფინანსების დაგეგმვის და მართვის და სხვადასხვა დაკავშირებულ სამართლებრივ-ეკონომიკურ საკითხებზე;
  2. რეგიონების საჭიროებების სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი და ამ საჭიროებათა ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის ადვოკატირება;
  3. ონლაინ საინვესტიციო მექანიზმის შექმნა მიგრანტებისათვის.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

 

ექსპერტების/ორგანიზაციის მოვალეობა

პროექტის ფარგლებში დაქირავებული ექსპერტთა ჯგუფის/ორგანიზაციის მოვალეობებში შედის:

  1. რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების გასარკვევად ჩასატარებელი გამოკითხვების კითხვარების შედგენაში მონაწილეობა;
  2. რეგიონებში გასავრცელებელი საინფორმაციო მასალის შემუშავებაში მონაწლეობა;
  3. სხვადასხვა სოფელში საინფორმაციო შეხვედრების გამართვა საპროექტო გუნდთან ერთად;
  4. ანალიტიკურ გუნდთან ერთად მუშაობა სოფლებში ვიზიტების დროს გამოვლენილი პრობლემების ანალიზის პროცესში, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა.

 

ექსპერტების/ორგანიზაციის პროფილი:

კონკურსში მონაწილე პირმა/ორგანიზაციამ უნდა წარმოაჩინონ მათი გამოცდილება და უნარ-ჩვევები და დაასაბუთონ, თუ რატომ შეძლებენ ყველაზე კარგად რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე მუშაობას.

იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უნარი, ჩაერთოს როგორც უშუალოდ, პრაქტიკული კონსულტაციების გაცემაში მოსახლეობისათვის, არამედ ასევე, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმოს ზოგადი პოლიტიკა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრისათვის.

სასურველია, კანდიდატებს ჰქონდეთ გამოცდილება შემდეგ სფეროებში:

- ინფრასტრუქტურა (ბუნებრივი აირი, წყალგაყვანილობა, გზები, და ა.შ.);

- სოფლის მეურნეობა;

- ბიზნესი, ინვესტიციემი;

- საბანკო საქმე, საკრედიტო საკითხები;

- მიგრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრაქტიკული საკითხი (სავიზო პროცედურები, ტრეფიკინგისაგან დაცვის მექანიზმები, და ა.შ.).

 

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმია:

- მსგავს სფეროებში/საქმიანობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

- შესაბამისი განათლება, ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში;

- საიასა და პროექტის ადამიანის უფლებებზე და განვითარებაზე ორიენტირებული ღირებულებების გაზიარება.

 

 

ვადები

 

პროექტის სავარაუდო განრიგი შემდეგია:

დაგეგმვითი სამუშაოები, კითხვარების შედგენა, სოფლების შერჩევა

1-20 ოქტომბერი, 2016

საინფორმაციო მასალის მომზადება

20 ოქტომბერი - 30 ნოემბერი, 2016

ვიზიტები სოფლებში

1 დეკემბერი, 2016 - 28 თებერვალი, 2017

შეგროვებული მასალის დამუშავება და ანალიზი

1 - 15 მარტი, 2017

კონსულტაციები და საბოლოო ნაშრომის წარდგენა

15 - 31 მარტი, 2017

საინფორმაციო მასალის დამზადება დამუშავებული მასალის საფუძველზე

15 - 31 მარტი, 2017

 

 

ანაზღაურება

ანაზღაურება მთლიანი დავალებისათვის თითოეულ ექსპერტზე  -  დაახლოებით 1’600 ევრო (დარიცხული), გამოცდილების მიხედვით. ორგანიზაციის შემთხვევაში, გაფორმდება 1 ხელშეკრულება 16.000 ევროს ოდენობით ან 2 დამოუკიდებელი ხელშეკრულება, თითო - 8.000 ევროს ოდენობით.

 

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

- დეტალური რეზიუმე;

- 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;

- 2-გვერდიანი წერილი, რომელშიც კანდიდატი აღწერს სურვილისამებრ საქართველოს ერთი ან რამდენიმე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვას, აღნიშნული პროექტის მიხედვით.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა ასევე უნდა წარადგინონ:

- რეგისტრაციის მოწმობა;

- ბოლო წლის აუდიტის დასკვნა (თუ ასეთი ხელმისაწვდომია);

- შემოთავაზებული ბიუჯეტი, დეტალური აღწერით;

ინფორმაცია აღნიშნულ და სხვა დაკავშირებულ სფეროებში ორგანიზაციის გამოცდილებისა და მისი თანამშრომლების რეზიუმე.

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 9 ოქტომბერი. განაცხადები მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე - macharashvili@gyla.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეონა მაჭარაშვილს - 577 070594

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge