2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში

მიმდინარე წლის 01 აგვისტოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტი მოიცავს 20 მარტიდან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდს. ანგარიშში ასახულია წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში, საიას დაკვირვების შედეგად გამოვლენილი დარღვევები, ძირითადი მიგნებები, ტენდენციები და ორგანიზაციის რეკომენდაციები.

ანგარიშის მთავარი თემა ამომრჩევლის განწყობის დამახინჯებაა, რაც პარტიების მიერ სამი ძირითადი მექანიზმით მიიღწევა, ესენია: ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაძაბული პოლიტიკური ფონის შექმნა.

სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, საიამ გამოავლინა:

- ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი;

- ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირების და ფარულობის პრინციპის დარღვევის 1 ფაქტი;

- ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5 ფაქტი; 

- საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების 3 ფაქტი;

- ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის 1 ფაქტი;

- წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევის 5 ფაქტი;

- დამკვირვებლის საქმიანობაში ხელშეშლის 1 ფაქტი;

- ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევის 1 ფაქტი;

- წილისყრის პროცედურების დარღვევის 4 ფაქტი;

- კენჭისყრის პროცედურის დარღვევის 3 ფაქტი;

- განმეორებით ხმის მიცემის 2 ფაქტი;

- არაუფლებამოსილი პირის უბანზე ყოფნის 1 ფაქტი;

- შემაჯამებელ ოქმებში არსებული უზუსტობების 6 ფაქტი.

- სიტყვიერი კონფლიქტის 2 ფაქტი;

- მუქარის 1 ფაქტი.

 

საიას მიაჩნია, რომ ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი შესაბამის საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს.

საიას რეკომენდაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დროულად და სრულყოფილად უნდა შეისწავლონ კონკრეტული კანონდარღვევის შემთხვევები (ამომრჩევლის მოსყიდვა, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები) და განახორციელონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge