საია 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ინტერესების დაცვას განაგრძობს

2015 წლის 13 ივნისს, ქ. თბილისში მომხდარმა სტიქიამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, არაერთი ოჯახი კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.  საია დღემდე განაგრძობს სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების სამართლებრივ დახმარებას და მათ უფლებებს სასამართლოში იცავს.

საია-ს წარმოებაში არსებული საქმეების მაგალითზე, გამოიკვეთა სტიქიის დაწყებამდე, უშუალოდ სტიქიის დროს და მის შემდგომ, სახელმწიფო უწყებების მუშაობის ხარვეზები და დადგინდა, რომ სახელმწიფო უწყებების მოქმედებები არადროული და არაეფექტიანი იყო. 

ქვემოთ მოცემულია სტიქიასთან დაკავშირებით საია-ს წარმოებაში არსებული საქმეები:

1. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სტიქიის შედეგად პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 29 იანვარს დააკმაყოფილა სტიქიის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრების მოთხოვნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაავალა ოჯახისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ ყველა საჭირო წინაპირობა საიმისოდ, რომ ევარაუდათ სტიქია და შესაძლებლობის ფარგლებში განეხორციელებინათ პრევენციული ღონისძიებები. სასამართლოს განმარტებით, პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის მოსახლეობის ინფორმირებულობას, შესაძლებელია ვერ მოეხდინა სტიქიური უბედურების თავიდან აცილება, თუმცა ცალსახად შეამცირებდა დამდგარ ზიანს.

სააპელაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ მოხდა მოქალაქის მიერ მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ადექვატურად აღქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა სტიქიის ზონის განსაზღვრა, ვითარების სწორად გაანალიზება/აღქმა, რასაც ლოგიკურად მოჰყვებოდა სტიქიის ზონამდე მისასვლელი გზების გადაკეტვა, თუმცა, უდავო და სამწუხარო ფაქტია, რომ გზები არ გადაკეტილა. სწორედ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ნაკლები კვალიფიკაციის, ნაკლები ორგანიზებულობისა და ეფექტიანობის, არაკოორდინირებული მოქმედებების შედეგად, სათანადოდ ვერ განახორციელეს მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციები და პრიორიტეტების განსაზღვრა, რამაც გამოიწვია კონკრეტული პირის გარდაცვალება. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

2. საცხოვრებლის დაკარგვის გამო კომპენსაციის გაცემა

საია სასამართლოში იცავდა სტიქიის შედეგად საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ხუთი ოჯახის ინტერესებს. მათ სტიქიის ზონაში ათეულობით წლის წინ დაკავებული ჰქონდათ მიწის ნაკვეთები და მათზე აღმართული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები. შესაბამისად, ისინი წარმოადგენდნენ დაკავებული მიწის ნაკვეთების მოსარგებლეებს, თუმცა, სხვა პირებისგან განსხვავებით, მათ უარი ეთქვათ კომპენსაციის გადახდაზე. ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო უარს აცხადებდა ქონების დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელეები ცხოვრობდნენ რეკრეაციულ ზონაში და ვერ მოხდებოდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, შესაბამისად, ვერ გაიცემოდა კომპენსაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ კომპენსაციის გაცემა შესაძლებელი იყო საკუთრების უფლების აღიარების გარეშეც და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი. ზემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა, მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების მიუხედავად, უცვლელად დატოვეს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ქონების მართვის სააგენტოს დაევალა მოსარჩელეთათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კომპენსაციის გაცემა. ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, დაზარალებულ 4 ოჯახთან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე დაიდო შესაბამისი ხელშეკრულებები და მათ მიიღეს კომპენსაცია. ერთი ოჯახი კვლავ განაგრძობს სასამართლო დავას, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ უარი უთხრა მათ მფლობელობაში არსებული სრული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე.

ფოტო-რადიო თავისუფლება


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge