საია 2014 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას აფასებს

2014 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოკლედ შეაფასა გასული წლის განმავლობაში  ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და აღნიშნული მიმართულებით ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. 

თემებისა და საკითხების სიმრავლის გათვალისწინებით, განცხადებაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხოლოდ ცალკეულ მიმართულებებს შევეხებით.
2014 წელს სახელმწიფომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ხელს შეუწყობს  ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვას: ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას; დამტკიცდა „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის“; აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების მიზნით, დამტკიცდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა;  მიღებულ იქნა „საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და სხვა. 2014 წლის განმავლობაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ამ და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იყო, რაც მისასალმებელია, თუმცა, აუცილებელია ამ მონაწილეობის ხარისხის გაზრდა.
  
ასევე უმნიშვნელოვანესი იყო  საიას კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც, გაუქმდა ქმედუნარიანობის ამ დრომდე არსებული სამართლებრივი მოდელი. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 1 აპრილამდე სამოქალაქო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა უნდა უზრუნველყოს.
  
2014 წელს საიას მიერ განხორციელებულმა სასამართლო პროცესების მონიტორინგმა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ცალკეული მიმართულებით  გაუმჯობესება დაადასტურა.
   
ადამიანის უფლებათა დაცვის ცალკეული მიმართულებების გაუმჯობესებული პრაქტიკის მიუხედავად,  სახელმწიფოს წინაშე მნიშვნელოვან გამოწვევებად რჩება:
 
ქალთა უფლებების დაცვა - 2014 წლის განმავლობაში ქალთა მიმართ ძალადობის შემაშფოთებელი მასშტაბების გათვალისწინებით, ქალები ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. ქალთა მიმართ ძალადობის რისკების შესამცირებლად, აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოების ადეკვატური რეაგირება მსხვერპლ ქალთა მიმართვებზე. ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საია ახორციელებს სამართალწარმოებას ეროვნულ დონეზე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საიას იურისტების დახმარებით გამოიცა არაერთი დამცავი და შემაკავებელი ორდერი და თავშესაფარში მოთავსდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები. 2014 წლის ივლისში საია მონაწილეობდა გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის სესიაში და ჩვენი რეკომენდაციები კომიტეტის დასკვნით მოსაზრებებში აისახა. საია მუშაობს ქალთა შრომითი დისკრიმინაციის და რეპროდუქციული უფლებების პრეცედენტულ საქმეებზე, ასევე, განაგრძობს მუშაობას ქალთა უფლებების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
 
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა - წინა წლის მსგავსად, წელსაც უმცირესობათა უფლებების შელახვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მაგალითად, 2014 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების რწმენის თავისუფლების უხეში შელახვის ფაქტებს. 2014 წლის 15 სექტემბერს ქობულეთში მართლმადიდებელმა მოსახლეობამ არ მისცა მუსლიმ თემს ახალგაზრდებისათვის გარემონტებული პანსიონის გახსნის შესაძლებლობა. ხელისუფლება ამ დრომდე არ რეაგირებს ქობულეთის ქრისტიანი მოსახლეობის ძალადობრივ,  კონსტიტუციური უფლებების საწინააღმდეგო ქმედებებზე. სამაგიეროდ, სამართალდამცავების რეაგირება იყო სწრაფი, 2014 წლის 22 ოქტომბერს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში, სადაც მუსლიმები ყოფილი მეჩეთის შენობისათვის იერსახის შეცვლასა და მასში კულტურის სახლის გახსნას აპროტესტებდნენ. პოლიციამ ძალის გადამეტებული გამოყენებით 14 მუსლიმი დააკავა. დაკავებული პირები, რომელთა ინტერესებს საია იცავდა, მოგვიანებით გაათავისუფლეს. 
 
2014 წლის 2 მაისს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. აღნიშნული კანონი არ შეიცავს ეფექტური აღსრულების მექანიზმს, არ ითვალისწინებს დისკრიმინაციის ჩამდენი პირის დაჯარიმების შესაძლებლობას, არ ადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ კრიტერიუმებს, დისკრიმინაციის ფაქტებზე რეაგირება სრულდება სახალხო დამცველის არასავალდებულო ხასიათის რეკომენდაციით; ამის მიუხედავად, კანონი წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს, რადგან პირდაპირ იკრძალება ადამიანის დისკრიმინაცია სხვადასხვა, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით. ამასთან, მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ ადგილი არ ჰქონდა დისკრიმინაციას, ეკისრება სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს.
  
სამართალდამცავთა მიერ განხორციელებული სავარაუდოდ დანაშაულებრივი ქმედებები, არაეფექტური გამოძიება და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროება - 2014 წლის განმავლობაში საიას რამდენიმე ათეულმა პირმა მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიციის მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, იარაღის ან ნარკოტიკების ჩადების, არჩადენილი დანაშაულის აღიარების იძულების ფაქტებს, რომელბიც მედიის ყურადღების ცენტრშიც არაერთხელ მოექცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საია გამოძიების ეფექტურად წარმართვის მოთხოვნით სამართალდამცავ ორგანოებს სისტემატურად მიმართავდა, თუმცა, პრობლემად რჩება ძალოვანი უწყებების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ეფექტური გამოძიება, დამნაშავის გამოვლენა და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება.
 
უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, ასევე პრობლემური იყო პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის საკითხი. საიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი არ არის პროკურატურის პოლიტიკურად მიუკერძოებელი საქმიანობისათვის საჭირო გარანტიები. კითხვები ჩნდება ზოგიერთი საქმის გამოძიების სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით, რაც აზიანებს ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს იმიჯს.
 
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ციხის კადრების გავრცელებიდან თითქმის ორ წელზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლების მიერ პატიმრების მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება არ არის ეფექტური და, ხშირ შემთხვევაში, მას არ მოჰყოლია ბრალდებული პირების იდენტიფიკაცია. მეტიც, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა განცხადებების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებში, დღემდე არათუ არ დასჯილან, არამედ ისევ აღნიშნულ დაწესებულებებში განაგრძობენ მუშაობას. აუცილებელია პროკურატურამ  აწარმოოს სწრაფი, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება დამნაშავე პირთა ადეკვატური დასჯის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამების და არაადამიანური მოპყრობის სათანადო პრევენცია ვერ მოხდება. არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა სახელით, საია სამართალწარმოებას ეროვნულ დონეზე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახორციელებს. 
ზემოაღნიშნული პრობლემების დასაძლევ ერთ-ერთ გზად საიას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ესახება, რაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის სათანადო გამოძიებას უზრუნველყოფს.
 
სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობა - მიუხედავად იმისა, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში აღარ წარმოადგენს მასშტაბურ პრობლემას, ამ სისტემის წინაშე კვლავ რჩება გამოწვევები. ხშირად არაეფექტურია რეაგირება ისეთ შემთხვევებზე, როცა პატიმრები ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ჩადენილ სავარაუდოდ ძალადობრივ დანაშაულზე საუბრობენ. საიას მიაჩნია, რომ ამ და სისტემაში არსებული სხვა დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია არსებობდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.
 
პირადი ცხოვრების  უფლების დაცვა - 2014 წლის 1 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო ე.წ. „ფარულ მოსმენასთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პაკეტი. კანონმა ცხადად გაწერა იმ დანაშაულთა კატეგორია და პირთა წრე, რომელთა არსებობის შემთხვევაში ნებადართული იქნება ფარული მიყურადების ღონისძიების გამოყენება, ასევე,  გაითვალისწინა იმ პირის მიმართ შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობა, რომელიც წარმოადგენდა ფარული თვალთვალის ობიექტს. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მიყურადების განხორციელება შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს წარმოადგენს მიზნის მიღწევის უკანასკნელ საშუალებას და გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების ყველა შესაძლებლობა ამოწურულია. კანონმა განსაზღვრა ფარული მასალების განადგურების წესი. ამ პროგრესულ ცვლილებებს მოჰყვა მნიშვნელოვანი უკანგადადგმული ნაბიჯიც: 2014 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ,,მოსმენების გასაღები” დარჩა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
 
შრომითი უფლებები - შრომითი უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, 2014 წლის განმავლობაში კვლავაც აქტუალური იყო სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლების შემთხვევები, როგორც საჯარო სამსახურიდან, ასევე იმ დაწესებულებებიდან, სადაც შრომით ურთიერთობებზე შრომის კოდექსის მოქმედება ვრცელდება. ხშირად თანამშრომელთა გათავისუფლება ხდებოდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფორმალური საფუძვლების მითითებით ან/და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უხეში დისციპლინური დარღვევის განმსაზღვრელი ნორმების გამოყენებით, მაშინ, როდესაც ამგვარი ,,დარღვევები“  რეალურად არ დასტურდებოდა. საიას სამართლებრივი დახმარებისათვის მომართავდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სამსახურის „ნებაყოფლობით“ დატოვების მოთხოვნით მათზე სისტემატური ზეწოლა ხორციელდებოდა. ზეწოლის მიზეზად კი თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებები სახელდებოდა. საიას მიერ გამოთხოვნილი ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება, რომ არც ერთ მსგავს საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მომავალშიც განაგრძობს ამ და სხვა თემებზე აქტიურ მუშაობას.
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge