საია 2 აგვისტოს მესტიაში მომხდარი ინციდენტის ობიექტურ შეფასებას ითხოვს

2010 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის და მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირების თხოვნით მიმართა მესტიის მკვიდრმა, ალექსანდრე ხერგიანმა.

ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, 2010 წლის 2 აგვისტოს, როდესაც მეხანძრეთა დაგვიანების გამო მესტიაში მისი მეზობლის სახლი ხანძრის გამო ბოლომდე დაიწვა, ადგილობრივ მცხოვრებლებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ მესტიის გამგებელთან, გოჩა ჭელიძესთან. ხერგიანის განცხადებით, გოჩა ჭელიძე მას ‘ცეცხლში შეგდებით’ დაემუქრა, ხოლო მის ხანში შესულ დედას ცუცა გოშტელიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი აუკრა, რის შედეგადაც მოხუცი წაბარბაცდა. ინციდენტის ადგილზე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად იმყოფებოდა ალექსანდრე ხერგიანის შვილი, დავით ხერგიანი. შელაპარაკების დროს გოჩა ჭელიძეს ადგილობრივი მცხოვრებელთაგან ერთ-ერთმა სახეში გაარტყა, თუმცა ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, მისთვის უცნობია ვინ გააკეთა ეს.

ალექსანდრე ხერგიანი 2010 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების დროს მესტიის #47 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო ლეიბორისტული პარტიიდან. 2010 წლის 3 მაისს იგი მესტიაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხოციელებული ძალადობის თვითმხილველია, რომელშიც მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ (იხ. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაციები მესტიაში მომხდარი ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ, 20 მაისი, 2010 წ. http://gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=734%3A2010-05-20-13-26-06&catid=1%3Alatest-news&Itemid=177〈=ka).

ალექსანდრე ხერგიანი მესტიის საკრებულოს წევრ ნელი ნავერიანთან ერთად, რომელიც 2010 წლის 7 ივლისს მესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს (ნელი ნავერიანის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით იხ., მესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მისი სამი ნათესავი http://gyla.ge/attachments/758_Mestia_Statement_July_7_Incident_PDF_GEO.pdf), ერთ-ერთი იყო, ვინც გაახმაურა 3 მაისს მესტიაში ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ განხოციელებული ძალადობის ფაქტი. მისი განცხადებით, 3 მაისის ინციდენტის შემდეგ, ის არაერთხელ გააფრთხილეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოვებულმა პირებმა, თავი შეეკავებინა აქტიურობისგან.

ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, 2 აგვისტოს ინციდენტის შემდეგ მას ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოვებულმა პირებმა გადასცეს, რომ გოჩა ჭელიძესთვის სახეში გარტყმის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, ვინაიდან ადგილობრივ ხელისუფლებას ეჭვი მის შვილზე, დავით ხერგიანზე აქვს, მას გამოსავლის სახით, “შვილის სანაცვლოდ ციხეში შესვლა შესთავაზეს.” ალექსანდრე ხერგიანი იძულებული გახდა ოჯახის წევრებთან ერთად დაეტოვებინა მესტია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის უცნობია 2 აგვისტოს ინციდენტის, ასევე, სავარაუდოდ დაწყებული გამოძიების სხვა დეტალები. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, სამართლებრივი შეფასება მივცეთ ხელისუფლების ქმედებას.

მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ მოცემული ინციდენტი შეიძლება წარმოადგენდეს იმ მოვლენათა ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს, რომელიც 3 მაისს, წინასაარჩევნო პერიოდში მესტიაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობით დაიწყო და მესტიის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ნელი ნავერიანის და მისი ოჯახის წევრების დაპატიმრებით გაგრძელდა.

საგულისხმოა, რომ მიუხედავად არაერთი მოწმის ჩვენებისა და მტკიცებულებებისა, 3 მაისის ინციდენტის გამოძიება დღემდე ჭიანურდება და სამართალდამცველებმა მოცემულ ეტაპამდე ვერ შეძლეს ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებაც კი. ასევე, საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, ინციდენტში მონაწილე ყველა მაღალჩინოსანი დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 3 მაისის გაჭიანურებული გამოძიებისგან განსხვავებით, შსს-მ მყისიერი რეაგირება მოახდინა მესტიაში კანადელი ინვესტორისთვის ფულის ‘გამოძალვის ფაქტზე’ და დაზარლებულის მიმართვიდან 5 დღის ვადაში შეძლო ეჭვმიტანილების, მათ შორის, მესტიის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ქალბატონი ნელი ნავერიანის დაპატიმრება (იხ. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 14 ივლისს შსს-ს მიერ გავრცელებულ კომენტარს 7 ივლისს მესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შესახებ, 16 ივლისი, 2010 წ. http://gyla.ge/attachments/766_Mestia_%20joint%20response%20to%20July%2014%20MIA%20Statement_Final_GEO.pdf).

საგულისხმოა, რომ ბატონი ალექსანდრე ხერგიანი, დაპატიმრებულ ნელი ნავერიანთან ერთად, ერთ-ერთმა პირველი საუბრობდა 3 მაისის ინციდენტის და მასში მაღალჩინოსნების მონაწილეობის შესახებ. 3 მაისის ინციდენტის გამოუძიებლობის ფონზე და ნელი ნავერიანის საქმის ბუნდოვანი გარემოებების გათვალისწინებით, ბუნებრივია ალექსანდრე ხერგიანის შიში, რომ მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმართული მუქარა სწორედ მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტიურობას შეიძლება უკავშირდებოდეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სამართალდამცველ სტრუქტურებს, ობიექტურად შეისწავლონ 2 აგვისტოს ინციდენტის დეტალები და კანონიერი, პოლიტიკური მოტივებისაგან თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღონ.
ამავე დროს, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გასაქარწყლებად, კიდევ ერთხელ მოვუწდებთ:

ხელისუფლებას – 3 მაისის ინციდენტის გამოძიების დასრულებამდე, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, მესტიის გამგებელს, სამხარეო პოლიციის უფროსს, მესტიის პოლიციის უფროსს, მის მოადგილეს და ინციდენტში მონაწილე სხვა პირებს;

მთავარ პროკურატურას – საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია 3 მაისის ინციდენტის გამოძიების მიმდინარეობის და იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც საქმის გარემოებების გამოკვლევის და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის გაჭიანურება გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს – დაპირებისამებრ (შოთა უტიაშვილი, 14 მაისი, 2010 წ. “და ბოლოს, რასაკვირველია, ყველა არასამთვრობო ორგანიზაციას აქვს სრული უფლება ჩაატაროს საკუთარი გამოძიება. თუ ისინი ამგვარ სურვილს გამოთქვამენ, ჩვენ სიამოვნებით მივაწვდით მათ ამ საქმეზე ჩვენს ხელთ არსებულ დამატებით ინფორმაციას”. http://www.police.ge/index.php?m=8&newsid=1179&lng=geo), ნელი ნავერიანის საქმესთან დაკავშირებული მასალების და მტკიცებულებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, თვალყური მიადევნოს ალექსანდრე ხერგიანის საქმეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს.  


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge