საია 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის დასკვნის პროექტს ეხმაურება

18 ივნისს მედია საშუალებებით გავრცელდა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის დასკვნის პროექტი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული დოკუმენტი სამუშაო ვერსიას წარმოადგენს და კომიტეტს საბოლოო დასკვნისთვის კენჭი არ უყრია, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ დასკვნის პროექტში წარმოდგენილი რამდენიმე სამართლებრივი შეფასების დაუსაბუთებლობასა და მათ შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეფასებები 17 მაისის მოვლენების საჯარო განხილვის პროცესში ხშირად დომინირებდა, რის გამოც მიგვაჩნია, რომ ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიის სწორ სამართლებრივ განზომილებაში  გადაყვანისთვის, მათზე დასაბუთებული პასუხის გაცემა აუცილებელია. ამასთან ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოსაზრებები დადებით გავლენას იქონიებს 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის საბოლოო დასკვნის შინაარსზე. 

ქვემოთ წარმოვადგენთ რამდენიმე მოსაზრებას კომიტეტის დასკვნის პროექტსა და მის მიერ ამ საკითხის განხილვის პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით. 

1. კომიტეტი თავის დასკვნის პროექტში ხაზს უსვამს, რომ შეკრების თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის უფლება და მისი შეზღუდვა გამართლებულია საზოგადოებრივი მორალისა და სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, რელიგიის თავისუფლების დაცვის ლეგიტიმური მიზნებით. რელიგიის თავისუფლების დაცვა კი, კომიტეტის შეფასებით, ქვეყნის დემოკრატიული ცხოვრების ერთ-ერთი ფუნდამენტია.
 
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის შეზღუდვის შესახებ სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ მიუღია, მიგვაჩნია, რომ მორალისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის მიზნებისთვის შეკრების თავისუფლების შეზღუდვის დასაბუთება კომიტეტის მხრიდან  მოკლებულია პრაქტიკულ მნიშვნელობას და არარელევანტურია განსახილველი საქმისთვის. კომიტეტის ამგვარი შეფასებები შეიცავს საფრთხეს, რომ  მოხდეს ლგბტ საკითხების მიმართ არატოლერანტრულად განწყობილი მოსახლეობის იმ მოსაზრების ლეგიტიმაცია, რომელიც 17 მაისის აქციის ჩატარებას დაუშვებლად მიიჩნევდა. 
 
კომიტეტის აღნიშნულ არგუმენტებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დადგენილ სტანდარტებს. კონვენციის მე-11 მუხლი ადგენს, რომ შეკრების თავისუფლების შეზღუდვა, inter alia, უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობის მოთხოვნას. დემოკრატიულ საზოგადოებას ევროპული სასამართლო თვისობრივად განმარტავს და მის არსებით კრიტერიუმებად პლურალიზმს, ტოლერანტობასა და ღია აზროვნების ხელშეწყობას განსაზღვრავს. Bączkowski and Others v. Poland საქმეში (no. 1543/06, judgment of 3 May 2007) ევროპული სასამართლოს შეფასებით, დემოკრატია არ გულისხმობს, რომ უმრავლესობის მოსაზრებებს ყოველთვის უპირატესი მნიშვნელობა გააჩნია. პლურალიზმი ითხოვს ბალანსის მიღწევის საჭიროებას, რომელიც უზრუნველყოფს ჯეროვან და სამართლიან მიდგომას უმცირესობის მიმართ და დააზღვევს დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენებას. Genderdoc-M v. Moldova საქმეში (no. 9106/06, judgment of 12 June 2012) სასამართლომ მიიჩნია, რომ ლგბტ პირთა უფლებების დაცვა, მათ შორის, ამ პროცესის ხელშეწყობა შეკრების თავისუფლების გზით, ამ თემებზე ჯანსაღი საჯარო დისკუსიის წარმართვისა და საზოგადოების სოლიდარულობის გაზრდის წინაპირობაა, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. პლურალიზმის პრინციპის უპირობო გარანტორად ევროპული სასამართლო სახელმწიფოს მიიჩნევს. ამ მიმართებით ევროპული სასამართლო სახელმწიფოებს აკისრებს  პოზიტიურ ვალდებულებას მიიღონ ყველა სათანადო ზომა შეკრების თავისუფლების დაცვისათვის. სასამართლო ამ ვალდებულების შესრულების მნიშვნელობას განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ პირების მიმართ, რომლებიც არაპოპულარულ მოსაზრებებს გამოხატავენ ან მიეკუთვნებიან უმცირესობას და ამდენად უფრო დაუცველები არიან (Bączkowski and Others v. Poland). 
 
საქმეში Alekseyev v. Russia (nos. 4916/07, 25924/08 and 14599/09, judgment of 21 October 2010) ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები საზოგადოებრივი მორალისა და უმრავლესობის რელიგიური რწმენის პატივისცემის თაობაზე, რომლითაც ის ლგბტ პირების მიერ დაგეგმილი შეკრებების შეზღუდვას ამართლებდა. ამ მიმართებით ევროპულმა სასამართლომ  მიუთითა, რომ ისეთი მიდგომა, რომელიც უმცირესობებისთვის კონვენციით დაცული უფლებებით სარგებლობას უმრავლესობის ნებაზე დამოკიდებულებას გახდიდა ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის ღირებულებებს და ის გამოხატვის, შეკრებისა და რელიგიის თავისუფლებებს ილუზორულს გახდიდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეში ლგბტ აქციების ორგანიზატორებისა და მონაწილეების განცხადებებში არაფერი იყო ისეთი, რაც მიანიშნებდა მათ განზრახვაზე გამოეხატათ სიშიშვლე, სექსუალური ხასიათის პროვოკაცია, საჯარო მორალისა და რელიგიური მოსაზრებების კრიტიკა, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საზოგადოებრივი მორალის ხელყოფის საფრთხეებზე ხაზგასმა არარელევანტური იყო. ევროპული სასამართლოს შეფასებით, რუსეთის მთავრობა რეალურად პრობლემას ხედავდა მხოლოდ იმ ფაქტში, რომ ადამიანებს ღიად სურდათ საკუთარი სექსუალური და გენდერული იდენტობის გამოხატვა და მოცემულ საქმეში ევროპული კონვენციის მე-11 და  მასთან კავშირში მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევა დაადგინა.  
 
ევროპული სასამართლოს ზემოთ აღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, კომიტეტის დასკვნის პროექტში წარმოდგენილი შეფასებები შეუსაბამოა ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან და ის არასწორად იაზრებს შეკრების თავისუფლების მნიშვნელობასა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის პირობებს.  
 
2. კომიტეტის დასკვნის პროექტში პრობლემურია ის გარემოება, რომ ის  არაფერს ამბობს იმაზე, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ლგბტ აქტივისტების შეკრების თავისუფლების დაცვა და ამდენად, მათ მიმართ  ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის 25-ე მუხლის დარღვევას. ამ მიმართებით არსებითია კომიტეტმა შეაფასოს საკითხი, თუ რამდენად შეასრულა სახელმწიფომ პოზიტიური ვალდებულება - ლგბტ აქტივისტებისთვის უზრუნველეყო შეკრების თავისუფლებით სარგებლობა, მაშინ როდესაც სახელმწიფოსთვის წინასწარ განჭვრეტადი იყო/უნდა ყოფილიყო კონტრდემონსტრანტებისგან მომდინარე საფრთხე და ამ პირობებში მის მიერ შემუშავებული უსაფრთხოების სტრატეგია და ტაქტიკა იმთავითვე არაეფექტური იყო ამ საფრთხეების პრევენციისთვის. ამასთან მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კომიტეტის დასკვნაში ხაზი უნდა გაესვას, რომ 17 მაისს ჩატარებული კონტრდემონსტრაცია, მისი მონაწილეების ქცევის მასობრივი და აშკარად ძალადობრივი ხასიათის გათვალისწინებით, მთლიანობაში არ ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ამდენად, ის გასცდა  შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროს. 
 
3. კომიტეტი ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების საკითხის შეფასების დროს დასკვნის პროექტში უთითებს,  რომ ერთსქესიანთა ქორწინება და ურთიერთობების პროპაგანდა არის სპეციალური უფლებები და ამ უფლებათა რეალიზების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების მსჯელობის საგანია. კომიტეტის მიერ ლგბტ პირების უფლებების სპეციალური უფლებების კატეგორიაში განხილვა არასწორია და ეწინააღმდეგება ამ საკითხზე არსებულ საერთაშორისო კონსენსუსს, რომელიც ლგბტ პირებისთვის საერთაშორისო ხელშეკრულებების მიერ აღიარებული უფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობას მოითხოვს. ზემოთ მითითებულ Alekseyev v. Russia საქმეში სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური უმცირესობებისთვის ზოგიერთი უფლების მინიჭებაზე (ესენია: ერთსქესიანი წყვილის მიერ ბავშვის შვილად აყვანისა და ქორწინების საკითხი) ევროპული კონსენსუსი ამ ეტაპზე არ არსებობს, ამ არგუმენტის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების საკითხებთან შეუსაბამოა, რადგან წევრ ქვეყნებში არ არსებობს გაურკვევლობა იმ საკითხზე, რომ ადამიანებს შეუძლიათ ღიად დააფიქსირონ საკუთარი სექსუალური და გენდერული იდენტობა და მოახდინონ საკუთარი უფლებების დაცვის ხელშეწყობა, მათ შორის, შეკრების თავისუფლებით სარგებლობის გზით. 
 
პროპაგანდის საკითხზე აპელირება კომიტეტის მხრიდან არასწორია, რადგან აიდაჰოს დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების მიერ ლგბტ პირების უფლებების დარღვევის ფაქტებზე პროტესტის გამოხატვა რაიმე ფორმით არ უკავშირდება პროპაგანდის თემას და უარყოფითად წარმოაჩენს ლგბტ პირთა უფლებებს. პროპაგანდის საკითხზე მსჯელობისას მკვეთრი ზღვარი უნდა გაივლოს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, საკუთარი სექსუალური და გენდერული იდენტობის თვითრეპრეზენტაციასა და ისეთი ტიპის ქცევას შორის, რომელიც სამართლით რეგულირებას/შეზღუდვას შეიძლება დაექვემდებაროს. ევროპის საბჭოს ზოგიერთ ქვეყანაში (უკრაინა, რუსეთი, მოლდოვა) ე.წ. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციების შეფასების დროს ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილი აქვს ჰომოსექსუალიზმის პორნოგრაფიულ ჩვენებას, ან სიშიშვლის ან აშკარა სექსუალურობის დემონსტრაციას პროვოკაციული ქცევით ან პროდუქციით, ე.წ. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვა საზოგადოებრივი მორალის არგუმენტით გაუმართლებელია და ზოგადი ხასიათის საკანონმდებლო ჩანაწერები ე.წ. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით არღვევს კონვენციის მე-10, მე-11 და მე-14 მუხლების მოთხოვნებს.
 
4. 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით წარდგენილი პეტიციის განხილვის პროცესში კომიტეტმა დაარღვია პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა დღის წესრიგის კომიტეტის სხდომამდე 2 დღით ადრე პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსების აუცილებლობასთან დაკავშირებით და 17 ივნისის კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა.  ამის გამო სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ ჯგუფებს კომიტეტის სხდომაზე დასწრებისა და კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ მიეცათ.  ამასთან 17 მაისის მოვლენებზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და თემის სიმწვავის გათვალისწინებით, სამწუხაროა, რომ კომიტეტმა არ გამოიყენა მისი უფლებამოსილება სხდომაზე მოეწვია დაინტერესებული მხარეები (მათ შორის, პეტიციის ავტორები, ამ თემაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები), რითაც კომიტეტზე საკითხის საჯარო და ყოველმხრივ განხილვას შეუშალა ხელი.  მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის დღის წესრიგი საჯარო არ გამხდარა, მის სხდომას მაინც ესწრებოდნენ კონტრდემონსტრაციის წარმომადგენლები და მათ მონაწილეობა მიიღეს დასკვნის პროექტის განხილვაში, რამაც კომიტეტის ობიექტურობასთან დაკავშირებით, მით უფრო, პეტიციის ხელმოწერების ნამდვილობაზე კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გამოხატული ეჭვების ფონზე, დასაბუთებულ შეკითხვებს აჩენს  საზოგადოებაში.
 
5. პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ასევე უნდა ითქვას, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის რეაგირება კომიტეტის დასკვნით არ შემოიფარგლოს და პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი დოკუმენტი (რეზოლუცია, დადგენილება ან სხვა), სადაც ის ამ პროცესებს შეაფასებს და აღმასრულებელ ხელისუფლებას ლგბტ პირების უფლებების ეფექტური დაცვის მიზნით გასატარებელი სისტემური ხასიათის ღონისძიებებზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით არსებული საკანონმდებლო და სისტემური ხარვეზების შესახებ კომიტეტს არ  უმსჯელია, რაც მისი ფუნქციისა და როლის გათვალისწინებით გაუმართლებელია.    
       
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 17 მაისის მოვლენებზე მისი დასკვნის განხილვის პროცესში უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ეფექტურ მონაწილეობას და მის მიერ მიღებული დოკუმენტი შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან. ამასთან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანა და საკანონმდებლო ორგანოს მიერ სათანადო დოკუმენტის მიღება ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ.  
 
 
  
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge