კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება სადისციპლინო კოლეგიის და სადისციპლინო პალატის მიერ 2016 წლის მაისსა და ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებებს მოსამართლე გიორგი სულაკაძის საქმეზე. კოალიცია ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, გაეცნო და შეისწავლა გადაწყვეტილებები, რომელიც გამოქვეყნდა კოლეგიის ვებ-გვერდზე,. შესწავლის საფუძველზე კოალიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილი პრაქტიკა საფრთხის შემცველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.
მოსამართლე დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ იქნა უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების საფუძვლით, იმის გამო, რომ მან მოახდინა კანონის ნორმის განმარტება. სადისციპლინო კოლეგიისა და პალატის გადაწყვეტილებებში მოცემული დასაბუთება ემყარება მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსამართლემ სადისციპლინო კოლეგიისა და პალატის შეფასებით, კანონის იმპერატიული ნორმა არასწორად განმარტა. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რაიმე სხვა გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნორმის განმარტებისას მოსამართლეს ჰქონდა არაკეთილსინდისიერი განზრახვა ან რაიმე არასათანადო მიზანი, მოსამართლე არ იყო მიუკერძოებელი აღნიშნულ საქმეში, მხარეს მიადგა ზიანი მოსამართლის არასათანადო ქმედების გამო ან სხვა; ამ ფონზე მხოლოდ ნორმის განმარტების მიჩნევა დისციპლინურ დარღვევად ეწინააღმდეგება კანონს და სადისციპლინო კოლეგიის მიერ ადრე დადგენილ პრაქტიკას.[1]
გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმის ამგვარი გამოყენების საფრთხეებზე:
- მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი განახორციელოს მართლმსაჯულება. მხოლოდ ზემდგომი, განსჯადი სასამართლოა უფლებამოსილი არ გაიზიაროს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ნორმის შეფასება და შეცვალოს შესაბამისი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული წარმოადგენს მოსამართლის და ზოგადად სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაცვის უმთავრეს გარანტიას. აღნიშნული პრინციპის დარღვევა და ნებისმიერი მითითება, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო მოსამართლეს, მით უფრო, როცა ეს ხდება დისციპლინური სამართალწარმოების გზით, წარმოადგენს საფრთხეს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.
- კანონის უხეში დარღვევა, როგორც მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში გაუქმდა. 2012 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა მოსამართლის მიერ კანონის უხეშ დარღვევას განმარტავდა შემდეგნაირად: „საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნების დარღვევა, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა (ან შეეძლო მიეყენებინა) პროცესის მონაწილის, მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ან საჯარო ინტერესებს.“ აღნიშნული მუხლის პრობლემურობაზე მიუთითა ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში ჯერ კიდევ 2006 წელს.[2] მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ზემოთ მოყვანილი შემთხვევა სწორედ კანონის ამ გაუქმებული მუხლის გაცოცხლებას წარმოადგენს. სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა საფუძვლის გამოყენებით (მოსამართლის მიერ თავისი უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება) სწორედ კანონის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევად მიიჩნია მოსამართლის ქმედება, რის გამოც მისცა ის პასუხისგებაში.
- ცვლილება არ შეხებია და დღესაც მოქმედებს კანონის ნორმა, რომელიც ადგენს, რომ „კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისთვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.“ შესაბამისად, კანონის განმარტება, მათ შორის კანონის იმპერატიული ნორმებისა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, რისთვისაც მოსამართლის პასუხისგებაში მიცემა დაუშვებელია. არც სადისციპლინო კოლეგიას და არც სადისციპლინო პალატას თავიანთ გადაწყვეტილებებში არ უმსჯელიათ და არ დაუსაბუთებიათ, მოცემული მოსამართლის შემთხვევაში რატომ არ იყო სახეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ზემოაღნიშნული გარემოება.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უკვე არაერთი წელია მოითხოვს, რომ გატარდეს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედი სისტემის რეფორმა. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედი კანონმდებლობა არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს, მოსამართლეებმა არ იციან კონკრეტულად რა შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად და რისთვის შეიძლება აგონ პასუხი. გარდა ამისა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალეა. აღნიშნული მოსამართლის დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად ასუსტებს და მას ხდის მოწყვლადს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში.
მოვუწოდებთ სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიაზე მომუშავე კომიტეტს და მომავალ პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის შექმნაზე მუშაობა და უზრუნველყონ რეფორმის განხორციელება გონივრულ ვადებში. რეფორმამ უნდა შექმნას მოსამართლეთა პასუხისმგებლობის გამჭვირვალე, სამართლიანი და ეფექტური სისტემა, რომელიც ამავე დროს იქნება დაბალანსებული და არ გახდება მოსამართლეებზე არასათანადო ზემოქმედების მოხდენის მექანიზმი.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, როგორც ადვოკატთა და იურიდიულ ფირმათა წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული გაერთიანება, მოცემულ საკითხზე საკუთარ პოზიციას ჩამოაყალიბებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე მსჯელობის შემდეგ და ამ განხილვამდე არ უერთდება განცხადებას.
[1] საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე #1/04-12; საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე #1-01/11. ხელმისაწვდომია კოლეგიის ვებ-გვერდზე.
[2] Venice Commission Opinion No. 408/2006, CDL-AD(2007)009, paras. 12-22.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge