სააარჩევნო დავების გადაწყვეტის ქართულ-ფრანგული პრაქტიკის გაზიარება

დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოსთან ერთად გამართა შეხვედრა თემაზე „ადმინისტრაციული მართლმსაჯულება და საარჩევნო დავების გადაწყვეტა“.

შეხვედრის მიზანი საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესში ორი ქვეყნის გამოცდილების ურთიერთგაზიარება იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაცია, იუსტიციის სამინისტროსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მეუნიემ გახსნა და მიმოიხილა ზოგადად სახელმწიფო საბჭოს როლი და მისი დანიშნულება. სახელმწიფო საბჭოს მრჩევლებმა - ივ გუნინმა და ივ დუტრიომ კი, ისაუბრეს საფრანგეთში სხვადასხვა ტიპის საარჩევნო დავების მოგვარების  პროცესებსა და პრაქტიკაზე.

საიას წარმომადგენელმა, საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა ირმა პავლიაშვილმა კი, წარადგინა მოხსენება საქართველოში საარჩევნო დავების გადაწყვეტის პრაქტიკასა და ამ კუთხით ბოლო პერიოდში გამოკვეთილ ტენდენციებზე. კერძოდ, ხაზი გაუსვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოკვეთილ გამოწვევებს და მათ საპასუხოდ საიას მიერ შემუშავებულ ხედვებსა და რეკომენდაციებს.

შეხვედრა საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ იყო ინიცირებული და იგი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში გაიმართა.

 საია მადლობას უხდის საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარებისთვის და გამოთქვამს მზადყოფნას სამომავლოდ ურთიერთანამშრომლობისთვის.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge