„რუსული კანონის“ გაპროტესტების დროს უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილის საქმე ევროპულ სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა

2024 წლის 14 მარტს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საიას მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო. საჩივარი 2023 წლის 9 ოქტომბერს გაიგზავნა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარედ გამართული აქცია, სახელმწიფომ საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. ასევე, აღსანიშნავია, რომ პოლიცია აქტიურად იყენებდა აქციის მონაწილეთა განურჩეველი დაკავების პრაქტიკას. აქციის დაშლისას მომჩივანი, სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც იგი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა. მას 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება შაბლონური სახისაა და არ ითვალისწინებს საქმის ინდივიდუალური გარემოებების სათანადო ანალიზს. მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი ხარვეზისა, ხსენებული დადგენილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

სასამართლომ სახელმწიფოს შემდეგი კითხვებით მიმართა:

1. ჩატარდა თუ არა მომჩივანის პროცესები კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად მის წინააღმდეგ წაყენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენისას? ეყრდნობოდა თუ არა პირის სამართალდამრღვევად გამოცხადება ექსკლუზიურად პოლიციელების განცხადებებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სადავო მოვლენებში? მიიღო თუ არა მომჩივანმა კონკრეტული და მკაფიო პასუხი იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტი იყო მის წინააღმდეგ სამართალწარმოების შედეგების დადგომისთვის?

2. ამოწურა თუ არა მომჩივანმა შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები კონვენციის მე-10 და/ან მე-11 მუხლის მიხედვით მის საჩივრებთან დაკავშირებით, რამდენადაც ისინი ეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას დემონსტრაციის დაშლის შესახებ და მის დაპატიმრებას, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო მის მიერ აქციის სხვა მონაწილის არასათანადო მოპყრობის გადაღებით? ამასთან დაკავშირებით, წარმოადგენდა თუ არა მომჩივნის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცესი ამ საჩივრების დაცვის ეფექტიან საშუალებას კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით?

დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა იყო აქციის დაშლის საფუძველი? იყო თუ არა ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ მხრივ კანონიერი და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში? მომჩივნის დაკავება გამოწვეული იყო თუ არა აქციის

სხვა მონაწილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გადაღებით, როგორც მან აღნიშნა მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების დროს?

3. დაირღვა თუ არა მომჩივნის უფლებები კონვენციის მე-10 და/ან მე-11 მუხლებით გარანტირებული უფლებები მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოებასთან მიმართებით? კერძოდ,

(ა) ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით, იყო თუ არა პოლიციის მითითებები გზის გათავისუფლების შესახებ, მათ შორის წინამდებარე მომჩივნის მიმართ, კანონიერი და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში?

(ბ) განიხილეს თუ არა შიდა სასამართლოებმა მომჩივნის მიერ წამოყენებული არგუმენტები და გამოიყენეს თუ არა ის სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა კონვენციის მე-10 მუხლში და/ან მე-11 მუხლში მოცემულ პრინციპებს?

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს წერილობითი პოზიციისთვის ვადა 2024 წლის 5 ივნისამდე განუსაზღვრა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge