[როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს]გილოცავთ ადამიანის უფლებების დღეს!

ადამიანის უფლებების დღეს საერთაშორისო საზოგადოება ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის 1948 წლის იუბილე - დღე, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ასახავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ფართო სპექტრს, რომელიც ყველა ჩვენგანს გვეკუთვნის. დეკლარაცია მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვას ყველგან, მოქალაქეობის საცხოვრებელი ადგილის, სქესის, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, ენისა და სხვა კუთვნილების მიუხედავად.

ადამიანის უფლებების დღეზე საუბრისას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე საუბარი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დეკლარაცია ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო ხასიათს და გადაჭრის პრობლემას ადამიანის უფლებების უნივერსალურ და კონვენციურ გაგებას შორის პირველის სასარგებლოდ.  

კორონა პანდემიის გათვალისწინებით წლევანდელი ადამიანის უფლებათა დღის მთავარ თემას ასახავს დევიზი - "Recover Better - Stand Up For Human Rights". მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ ნათლად დაგვანახა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საჭიროება. აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებების მიერ შემოღებული საკარანტინო ღონისძიებების დაწესებით ხშირად ირღვევა ბალანსი ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროებასა და მათი შეზღუდვის აუცილებლობას შორის. 

მსოფლიოში არსებული კრიზისების პარალელურად კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს სიტყვები: „ სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს“. 

როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს, ასევე დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცედურა იწყება. ჩვენდა გაუკვირვებლად, უზენაეს სასამართლოს შემადგენლობას კიდევ შეემატებიან ის ადამიანები, რომელებიც ჩვენს საზოგადოებაში კლანის წევრებად მოიაზრებიან და რომელთა ინტერესსაც ადამიანის უფლებათა დაცვის საჭიროებაზე მაღლა კლანური ინტერესის დაყენება წარმოადგენს!

როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს, ყველას გილოცავთ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს! ხოლო ადამიანის უფლებათა დამცველებს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დაცვისკენ მიმავალ უტოპიურ გზაზე გისურვებთ მხნეობასა და ნების სიძლიერეს!

 

ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge