როგორ ინიშნებიან საქართველოში მოსამართლეები?

 გასული კვირა მნიშვნელოვანი მოვლენით დაიწყო - საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს მასშტაბით მოსამართლის 34 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად  კანდიდატებს უყარა კენჭი. 

 
თუმცა, თითქმის არც ერთი მედია საშუალება ამ ამბით არ დაინტერესებულა.  
 
შესაბამისად, მოქალაქეებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რომ 27 მაისს ის ადამიანები შეირჩნენ, რომელთა ხელშიც, შესაძლოა, უახლოეს მომავალში, მათი ბედის ან მთელი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა აღმოჩნდეს.  
 
ალბათ, ჩვენი ქვეყნის შესახებ მრავლისმთქმელი ფაქტია ის, რომ მედია მხოლოდ პოლიტიკოსების არჩევნებით ინტერესდება, მაგრამ ფაქტიურად არასდროს იმით - თუ ვის, როდის, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია -  როგორ ირჩევენ მათ, ვისაც ამ ქვეყანაში სამართლის და სამართლიანობის დაცვის/დამკვიდრების კონსტიტუციური უფლება - და უფრო მეტიც - მოვალეობა აქვს დაკისრებული. 
...
27 მაისის დილით თვალი კიდევ ერთხელ გადავავლე საქართველოს იუსტიციის საბჭოს ვებგვერდს იმ იმედით, რომ მასზე დეტალურ ინფორმაციას ვნახავდი დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. თუმცა, ვებგვერდზე მხოლოდ მშრალი ინფორმაცია იყო განთავსებული: 
 
2014 წლის 27 მაისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა.
 
შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, სად და როდის (რომელ საათზე) იმართებოდა საბჭოს სხდომა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით საბჭოს სხდომები საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მასზე დასწრება, საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოქალაქეთა ამ უფლების რეალიზაციას ზოგჯერ არცთუ ხელსაყრელ პირობებს უქმნის. 
 
საბჭოში დავრეკე, მაგრამ  არავინ მიპასუხა. შესაძლოა, სხდომის მოსამზადებელი სამუშაოებით იყვნენ დაკავებული. იძულებული გავხდი, საბჭოს ერთ-ერთი წევრი პირადად შემეწუხებინა და მისგან გამეგო სხდომის დაწყების ზუსტი დრო და ადგილი. 
 
კიდევ კარგი, რომ საბჭოს ამ წევრმა ჩემთვის არც მობილურის ნომრის გაზიარება და არც უცხო ზარისთვის პასუხი იუკადრისა. გამიმართლა. 
...
საბჭოს სხდომა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. (ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთმა მედია საშუალებამ შემოიარა, კადრები აიღო და მალევე დაგვტოვა.)
 
კენჭისყრის პროცესი  მოსაწყენი აღმოჩნდა. საბჭოს წევრები სპეციალურ ფურცლებზე  ხაზავდნენ კონკრეტულ ვაკანსიაზე მათთვის მოსაწონი კანდიდატის სახელსა და გვარს, მერე კი ფურცლებს გამჭვირვალე ყუთში ათავსებდნენ. ამის შემდეგ საბჭოს თანამშრომლები თითოეული კანდიდატისათვის მიცემულ ხმებს ითვლიდნენ გამარჯვებული კანდიდატის, ანუ მომავალი მოსამართლის გამოსავლენად. თუ კანდიდატი პირველ ტურში ვერ გამოვლინდებოდა, იმართებოდა მეორე ტური და ისევ თავიდან იწყებოდა ფურცლების შემოხაზვის და ყუთში მოთავსების პროცესი. 
 
კანდიდატთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში, პირველ ტურში საბჭოს წევრთა ხმები 9/5-ზე გაიყო. ხმების ასეთი განაწილება პროცესის არც ერთი დამკვირვებლისათვის მოულოდნელობა არ ყოფილა. ვინც საბჭოს სხდომებს ვესწრებით, კარგად ვიცით, რომ პრაქტიკულად ყველა არსებით საკითხზე პოზიციები საბჭოს 9 მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრს შორის თითქმის ყოველთვის  განსხვავებულია, უფრო ადეკვატური ტერმინი რომ გამოვიყენოთ - მკვეთრად დაპირისპირებული. 
 
ფაქტია, რომ ასეთი დაპირისპირებების დროს, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას უმეტესად მოსამართლე წევრები იმსახურებენ მათი ქმედებების ან უმოქმედობის გამო .
 
მოსამართლის შერჩევას საბჭოს სულ ცოტა 10-მა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი, შესაბამისად, მხოლოდ მოსამართლე წევრების მხარდაჭერა კანდიდატისათვის საკმარისი არ არის. ამის გამო,  პირველი ტურის მეშვეობით საბჭოს წევრებმა მხოლოდ ერთი კანდიდატის შერჩევა მოახერხეს. დანარჩენი 9 მოსამართლის შერჩევა მხოლოდ მეორე ტურების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. აქედან, უმეტეს შემთხვევაში, ეს მოხერხდა ერთის მხრივ მოსამართლე, მეორეს მხრივ არამოსამართლე წევრების მიერ ჯგუფის შიგნით გამართული კონსულტაციების შედეგად. 
 
მეორე ტურებმა და კონსულტაციებმა, რომელიც მათ წინ უძღოდა, სიტუაციას მცირე, მაგრამ გარკვეული ინტერესი მაინც შემატა.
 
კონსულტაციები, პრაქტიკულად, ძნელად მისაღწევი შეთანხმების მიღწევა გამოდგა: რიგ შემთხვევებში - მოსამართლე, ხოლო რიგ შემთხვევებში -  არამოსამართლე საბჭოს წევრები სხდომის ოთახს ჯგუფურად ტოვებდნენ, გარეთ თათბირობდნენ და ოთახში შემოსულები ხელახალი კენჭისყრისათვის ემზადებოდნენ. თუმცა, მოტივი, რომლის გამოც პირველსა და მეორე ტურს შორის საბჭოს რამოდენიმე წევრი თავის თავდაპირველ პოზიციას ცვლიდა კანდიდატთან დაკავშირებით და სხვების აზრს ეთანხმებოდა - გაურკვეველი დარჩა. კონსულტაციებს წინ არ უძღოდა ამათუიმ კანდიდატის მოსამართლეობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ღია განხილვა საბჭოს წევრებს შორის, რაც შეიძლებოდა ობიექტურად გამხდარიყო საბჭოს რომელიმე წევრის მიერ პოზიციის შეცვლის საფუძველი.  
 
საბოლოოდ, კონსულტაციებიც ისეთივე ბუნდოვანი, დახურული და გაუგებარი პროცედურა აღმოჩნდა, როგორც ზოგადად, შერჩევის პროცესი.
...
იმ დღეს, საბჭოს სხდომა გვიან საღამოს დასრულდა. სახლისაკენ მიმავალი სატელეფონო ზარებს ვპასუხობდი (რეკავდნენ ისინიც, ვისაც აინტერესებდათ როგორც წარიმართა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, და ისინიც, ვისაც მხოლოდ შედეგები აინტერესებდათ).  მივდიოდი და ვფიქრობდი: ის, თუ რა ტიპის სახელმწიფოდ და საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით მომავალში, დიდწილად სწორედ მოსამართლეთა კორპუსზე იქნება დამოკიდებული; ხოლო ის, თუ ვინ იქნება ამ კორპუსის შემადგენლობაში დღეს, სწორედ იქ, იმ პატარა დარბაზში, გაურკვეველი და ბუნდოვანი პროცედურების და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების შედეგად გადაწყდა. 
 
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საზოგადოებისათვის, კანონი ამ უკანასკნელს არ ანიჭებს უფლებას, იცოდეს, რატომ აირჩია საბჭომ მოსამართლეებად ისინი, ვინც აირჩია - იმის გამო, რომ მათ მყარი სამართლებრივი ცოდნა და მაღალი მორალური ღირებულებები გააჩნიათ, თუ რაიმე სხვა, საეჭვო და/ან არასათანადო მიზეზების გამო.   კანონი საბჭოს წევრებს არ ავალდებულებს იმის დასაბუთებას,  რა პროფესიული თუ პიროვნეული მახასიათებლების, გამოცდილებისა და ღირებულებების გამო დაუჭირეს ან არ დაუჭირეს მათ მხარი ამათუიმ კანდიდატს და რატომ არჩიეს იგი სხვა კანდიდატებს. 
 
მოქმედი კანონმდებლობა  არც  შემფასებელს (ანუ საბჭოს წევრსა) და კანდიდატს შორის ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელ ნორმებს იცნობს.შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოსამართლეობის კანდიდატსა და საბჭოს წევრებს ნათესავური ან სხაგვარი ურთიერთობა აკავშირებთ, რამაც შესაძლოა ეჭვის ქვეშ დააყენოს შემფასებლის მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, შემფასებელს არ ევალება უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობაზე და არც კანდიდატს აქვს უფლება, მოითხოვოს შემფასებლის აცილება.
 
ეს ალბათ კიდევ ერთი პარადოქსია პარადოქსების ქვეყანაში - ადამიანები (ე.ი. მოსამართლეები), ვისაც დასაბუთებული და თანაც - სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება ევალებათ,  და ვინც ქვეყანაში ხელისუფლების თვითნებობისაგან  მოქალაქეთა დაცვის, მთავრობის საქმიანობის კონტროლისა და კანონებისადმი მორჩილების ფუნდამენტურ გარანტს უნდა წარმოადგენდნენ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების და გაუმჭვირვალე პროცედურის საფუძველზე შეირჩევიან.
 
თავისთავად, გაუმართავი პროცედურების არსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ კანდიდატები, რომლებიც საბჭომ აირჩია, აუცილებლად არაკომპეტენტურები და არაკეთილსინდისიერები იქნებიან; და არც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად შეუზღუდავ დისკრეციას, რომელსაც კანონი საბჭოს წევრებს ანიჭებს კანდიდატების შეფასებისა და შერჩევის პროცესში, საბჭოს წევრები აუცილებლად არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ. თუმცა, პრინციპულად არასწორია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, რომელზეც არამხოლოდ კანდიდატების, არამედ პრაქტიკულად თითოეული ჩვენგანის და ჩვენი უფლებების ბედია დამოკიდებული,  მხოლოდდამხოლოდ კონკრეტული ადამიანების კეთილსინდისიერების იმედად იყოს დატოვებული. 
...
მეორე დღეს, 28 მაისს, არასამთვრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის პრეზენტაცია გავმართეთ, სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს კანდიდატების შეფასებისა და მოსამართლედ დანიშვნის პროცესი იმგვარი, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი  სუბიექტური და მიკერძოებული გადაწყვეიტლების მიღების რისკი. 
 
თუმცა, ჩვენს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, მეორე მხარე - ანუ ადამიანები, ვისაც რეალურად ევალებათ და კანონმდებლობით შეუძლიათ კიდეც არსებულ მოსამართლეთა შერჩევის წესში ცვლილებების განხორციელება - სამწუხაროდ, ნაკლებად იყო წარმოდგენილი; განსაკუთრებით ის მომხვდა თვალში, რომ საბჭოს არცერთი მოსამართლე წევრი, ადამიანები, რომლებსაც, ალბათ, ყველა სხვაზე მეტად უნდა აინტერესებდეთ პროცესის გაუმჯობესება, მოწვევის მიუხედავად, შეხვედრას არ დაესწრო.
 
P.S.
30 მაისს დილით ისევ გადავავლე თვალი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდს:
 
ახლად დანიშნულმა მოსამართლეებმა მოსამართლის ფიცი დადეს - მაუწყა ვებგვერდმა.
 
ანა ნაცვლიშვილი
საიას საპარლამენტო მდივანი 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge