მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) განვითარებულ მოვლენებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა მოჰყვა, რასაც თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ასევე დასკვნით უპასუხა, გადავწყვიტე თვითონ გავარკვიო - როგორ ავირჩიოთ კანცლერი.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანუ კანცლერის არჩევის წესი მოკლედ ასე ჯამდება:
კანცლერობის კანდიდატი შეირჩევა კონკურსის წესით. კონკურსის პირობებსა და ვადებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო, რომელიც კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ერთ კანდიდატს ძველი კანცლერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს. სენატისათვის წარსადგენი კანდიდატის არჩევა ხდება აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სენატს უფლება აქვს არ დაამტკიცოს აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატი. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას. კანონმდებლობაში არ არის პირდაპირი ჩანაწერი, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური საბჭოს არჩეულმა კანდიდატმა დამტკიცებამდე უარი თქვა კანდიდატობაზე. თუმცა ამ საკითხს კანონმდებლობის განმარტებით უნდა მივხედოთ.
წინა აბზაცში მოყვანილი ნორმების შესაბამისად, კანცლერის არჩევა ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ. კონკურსის გზით კანდიდატის შერჩევად და შერჩეული კანდიდატის დამტკიცებად. კონკურსის მიზანი კანდიდატის შერჩევაა, რაც აკადემიური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება კანდიდატი, კონკურსი და შესაბამისად, კანცლერის არჩევის პირელი ნაწილი სრულდება. ფორმალურად, კონკურსის დასრულება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით ფორმდება. მეორე ნაწილი შერჩეული კანდიდატის დამტკიცებას გულისხმობს, რასაც ახორციელებს სენატი. სენატს უფლება აქვს არ დაამტკიცოს შერჩეული კანდიდატი.
იმ შემთხვევაში, თუ სენატი არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატს, ახალი კანდიდატის შესარჩევად კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს. სენატის მიერ კანდიდატის ჩაგდების და კანდიდატის მიერ საკუთარი ინიციატივით კანცლერობაზე უარის შემთხვევა სამართლებრივად ერთნაირ შედეგებს უნდა იწვევდეს, რადგან ორივე შემთხვევაში ახალი კანდიდატის წარდგენა დგება დღის წესრიგში, რაც ახალი კონკურსის ჩატარებას მოითხოვს. სხვაგვარად, ანუ იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის არ დამტკიცების ან მის მიერ საკუთარი ინიციატივით კანდიდატობაზე უარის თქმისას ახალი კონკურსის ჩატარება არ მოხდა, შესაძლებელია მივიღოთ ვითარება, როდესაც ერთი კონკურსის პირობებში მონაწილე ყველა პრეტენდენტი კანცლერობის კანდიდატი გახდება. ამგვარი შესაძლებლობის დაშვება ეწინააღმდეგება კონკურსის მიზნებს - შერჩეული იყოს ერთი საუკეთესო კანდიდატი.
როგორ მოხდა კანდიდატის შერჩევა თსუ-ში
- აკადემიურმა საბჭომ 2015 წლის 26 ოქტომბერს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით გამოაცხადა კონკურსი;
- აკადემიური საბჭოს მიერ პრეტენდენტების შეფასების განხორციელებისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი კანდიდატურის წარმომადგენლობითი საბჭოსათვის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 5 თებერვალი;
- 2016 წლის 27 იანვარს აკადემიურმა საბჭომ გამოსცა დადგენილება, რომელშიც მიეთითა, რომ კანცლერის თანამდებობაზე შერჩეულ იქნა და დასამტკიცებლად წარედგინა სენატს იოსებ არჩვაძის კანდიდატურა;
- სენატის მიერ დამტკიცებამდე იოსებ არჩვაძემ უარი თქვა კადიდატობაზე;
- 2016 წლის 17 თებერვალს საბჭომ ცვლილებები შეიტანა 26 ოქტომბერს მიღებულ დადგენილებაში და კანდიდატის სენატისათვის წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრა 2016 წლის 23 თებერვალი;
- 2016 წლის 19 თებერვალს აკადემიურმა საბჭომ გამოსცა კიდევ ერთი დადგენილება, რომელშიც მიუთითა, რომ კანცლერის თანამდებობაზე შერჩეულ იქნა და დასამტკიცებლად წარედგინა სენატს გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურა
- მოგვიანებით გიორგი გაფრინდაშვილმაც მოხსნა კანდიდატურა.
წარმოდგენილი ფაქტებით დგინდება, რომ ერთი კონკურსის ფარგლებში სენატს დასამტკიცებლად ორი სხვადასხვა კანდიდატი წარედგინა, რაც ჩემ მიერ კანონმდებლობის ზემოთ მოყვანილ განმარტებასთან წინააღმდეგობაში მოდის.
აკადემიური საბჭოს პოზიცია ამგვარი შეფასებისაგან განსხვავებულია. საბჭოს დასკვნით, კანდიდატის შერჩევით კონკურსი არ სრულდება, აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული პირი ამ სტატუსით უნდა სარგებლობდეს არანაკლებ წარმომადგენლობით საბჭოზე საკითხის განხილვის დაწყების დროს, რაც მოცემულ შემთხვევაში იოსებ არჩვაძის მიერ კანცლერობის სტატუსზე უარის თქმით ვერ იქნა რეალიზებული. საბჭოს განმარტებით, ,,აკადემიური საბჭო დადგა დისკრეციის წინაშე, განეხილა საკითხი, კანცლერობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა კონკრეტული ფიზიკური პირისათვის - მიმდინარე, დაუსრულებელი კონკურსის ფარგლებში, თუ გამოეცხადებინა ახალი კონკურსი [...] დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება“. აკადემიურმა საბჭომ პირველი აირჩია.
ვინაიდან წერა ძალიან გამიგრძელდა, აკადემიურ საბჭოს დასკვნის დეტალურ განხილვას აღარ დავიწყებ და მხოლოდ რამდენიმე შეკითხვას დავსვამ:
- აკადემიური საბჭოს განმარტებით, რატომაა განსხვავებული შედეგების მომტანი კანდიდატობაზე უარის თქმა წარმომადგენლობით საბჭოზე საკითხის განხილვის დაწყებამდე და დაწყების შემდგომ, როდესაც ორივე შემთხვევაში სენატს აღარ ჰყავს კანდიდატი, რომელსაც დაამტკიცებს?
- თუ კონკურსი არ იყო დასრულებული, როგორ იყო შესაძლებელი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ახალი კონკურსის შესახებ მსჯელობის დაწყება?
- რატომ იყო საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა კონკურსის დროს ერთხელ დაწუნებული კანდიდატის წარდგენა?
- მას შემდეგ, რაც მეორე კანდიდატმაც მოხსნა კანდიდატურა, აკადემიური საბჭო იმავე კონკურსში დარჩენილ სხვა პრეტედენტებიდან აარჩევს ახალ კანდიდატს თუ კონკურსს თავიდან გამოაცხადებს?
პ.ს. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, ასევე თსუ-ს აკადემიურმა საბჭოს საპასუხო დასკვნა სხვა საკამათო თემებსაც ეხება. ვინაიდან ამ პოსტში ჩემი მიზანი მხოლოდ კანცლერის არჩევის პროცედურების განმარტება იყო, დანარჩენზე მსჯელობა სხვა დროისათვის გადავდოთ.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge