ადამიანთა, ერთი შეხედვით, ბუნებრივი მისწრაფება - იზრუნონ მათთვის ძვირფას ადამიანებზე, შესაძლოა, ისეთ მანკიერ ფორმაში გამოვლინდეს, როგორიც ნეპოტიზმია. სწორედ ამ მანკიერი პრაქტიკას ვაწყდებით საქართველოს საჯარო დაწესებულებათა უმრავლესობაში, სადაც, არც თუ ისე იშვიათად, საჯარო მოხელეები იყენებენ თავიანთ სამსახურეობრივ მდგომარეობას საკუთარი ოჯახის წევრებისა თუ ნათესავების დასაქმებისა და კარიერული წინსვლის მიზნით.
ნეპოტიზმი შესაძლოა განიმარტოს, როგორც საჯარო ან კერძო სექტორში თანამდებობის პირის მიერ ოჯახის წევრის, ნათესავის ან მეგობრის სამსახურში დაუმსახურებლად აყვანა ან დაწინაურება. 1 ნეპოტიზმი, როგორც კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინება, რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებაში სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უსაფრთხოების სტაბილურობას, მასში სამართლიანობისა და თანასწორობის სტანდარტების არარსებობის გამო.
ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის კონვენციაში კორუფციის შესახებ განმარტებულია, რომ ,,კორუფცია წარმოადგენს საფრთხეს სამართლის უზენაესობისთვის, დემოკრატიისათვის და ადამიანის უფლებებისათვის, საფუძველს უთხრის კარგ მმართველობას, სამართლიანობას და სოციალურ თანასწორობას, ხელს უშლის კონკურენციას, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საზოგადოების ზნეობრივ ფასეულობებს.”2
საჯარო სამსახურში დასაქმება და კარიერული წინსვლა განისაზღვრება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, რომლის მიზანია „უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.’’ 3 გასათვალისწინებელია მთავრობის დადგენილებაც საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ.’’ 4 გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რაც თეორიულად კრძალავს კონკურენციის წესების მიზანმიმართული დარღვევით პირის საჯარო სამსახურში დასაქმებას, თუმცა პრაქტიკაში, მუხლი ამგვარად არ განიმარტება, სწორედ ამიტომაც არასამთავრობო სექტორი აქტიურად ცდილობდა ნეპოტიზმის კრიმინალიზაციას, რაც ჯერჯერობით არ განხორციელებულა.5
სანამ ნეპოტიზმის სავალალო შედეგებსა და მასთან ბრძოლის პრაქტიკას მიმოვიხილავდე, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ნეპოტიზმი საჯარო და კერძო სექტორებში. საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის პრობლემურობის განმსაზღვრელია ის ფაქტი, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული პირები ანაზღაურებას უშუალოდ მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია თითოეული საჯარო მოხელე აანალიზებდეს თავის წილ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას, არ დააყენოს საკუთარი და ახლო პირთა ინტერესები საერთო ინტერესებზე მაღლა.
კერძო და საჯარო სექტორის გამიჯვნის კუთხით, საყურადღებოა ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა ნეპოტიზმთან დაკავშრებით, კერძოდ, ფედერალური კანონი კრძალავს ნეპოტიზმს ფედერალურ მთავრობაში. თუმცა, ნეპოტიზმი უკანონოდ არ მიიჩნევა კერძო ბიზნესის შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრებს დაიქირავებენ და აწინაურებენ.
ქვეყანაში, სადაც ნეპოტიზმი და კორუფცია ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიერ6 შეფასებულია, როგორც ‘’ქართული ჯიგრული პონტი’’ 7გასაკვირი არაა ნეპოტიზმთან დაკავშირებით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული 2019 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები ბოროტად იყენებენ თავიანთ მდგომარეობას, ხოლო მათი 91% მიიჩნევს, რომ ისინი ამას ნათესავებისა და ახლობლების დასაქმებისთვის აკეთებენ.8
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს, მასზე თანაბარი წვდომის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ სამართლიანად ეპყრობიან.9 თანასწორობის იდეა ემსახურება ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობის გარანტირებას.10 ნეპოტიზმის ფაქტების სიუხვის წყალობით ადამიანები კარგავენ მოტივაციას დასაქმდნენ საჯარო სექტორში, რაც საბოლოოდ საჯარო სამსახურს ფიტავს კვალიფიციური მოტივირებული კადრებისგან, აფერხებს ჯანსაღ კონკურენციასა და ინოვაციებს.11
მსოფლიოში ნეპოტიზმთან ბრძოლის რამდენიმე სახის რეგულაცია არსებობს. მაგალითისთვის, შესაძლოა საკითხი წესრიგდებოდეს ფართოდ, უშუალოდ კონსტიტუციური ჩანაწერით, მიიღონ სპეციალური კანონმდებლობა ან დაინერგოს შიდა ორგანიზაციული სტანდარტები. პირველ შემთხვევას ვაწყდებით ნიკარაგუაში, სადაც კონსტიტუციის 130-ე მუხლი ზოგადად განსაზღვრავს, რომ „საჯარო მოსამსახურეებს, მათ შორის პრეზიდენტს, არ შეუძლიათ დანიშნონ ნათესავები სახელმწიფო თანამდებობებზე.12 ნიკარაგუისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ფედერალური ანტინეპოტიზმის კანონები, როგორიცაა „ნეპოტიზმის აქტი“ (5 U.S.C. § 3110), რომელიც კრძალავს ნათესავების დანიშვნას ფედერალურ მთავრობაში გარკვეულ თანამდებობებზე.13
აღსანიშნავია, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც არ ვაწყდებით ნეპოტიზმის პირდაპირ აკრძალვას, თუმცა ის ითვლება არაეთიკურად და აკრძალულია დისკრიმინაციული ხასიათიდან გამომდინარე. მაგალითისთვის, ავსტრალიაში ‘სამართლიანი მუშაობის აქტი’’ ’Fair Work Act 2009’’ კონკრეტულად არ კრძალავს ნეპოტიზმს, მაგრამ ის კრძალავს დისკრიმინაციას ოჯახის ან ურთიერთობის სტატუსის საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს ექცევიან უთანასწოროდ იმ პირთან შედარებით, რომელსაც აქვს ნათესაური კავშირები თანამდებობის პირებთან, სახეზეა დისკრიმინაციის შემთხვევა.14 სწორედ ამიტომ ავსტრალიაში შემოღებულია მთავრობათა ქცევის კოდექსები და დასაქმების სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ეხება ნეპოტიზმს და ინტერესთა კონფლიქტს საჯარო სამსახურში. ეს სახელმძღვანელო დოკუმენტები მიზნად ისახავს, უზრუნველყოს სამართლიანობა და გამჭვირვალობა სამთავრობო დასაქმების პრაქტიკაში.15
საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად განსხვავებული რეგულაციებისა, ნეპოტიზმის თავიდან აცილება მხოლოდ სამართლებრივი რეგულირებით შეუძლებელია და ასევე მოითხოვს სოციალური დამოკიდებულებებისა და მმართველობის კულტურის ამაღლებას. მიუხედავად საკითხის კოპლექსურობისა, ვფიქრობ, შესაძლოა გამოიყოს რამდენიმე სახის რეკომენდაცია ნეპოტიზმის შემთხვევების რიცხვის კლების მიზნით, კერძოდ:
- თითოეული ვაკანსიაში დეტალურად მიეთითოს აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც უზრუნველყოფს კანდიდატის მოთხოვნილი სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას;
- საჯარო მოხელეებს, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებსა და საკონკურსო კომისიის წევრებს, ჩაუტარდეთ ტრენინგები ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის მართვისა და მის უარყოფითი შედეგების თაობაზე, როგორც ორგანიზაციული ეფექტურობის, ისე საზოგადოების ნდობის ჭრილში;
- საჯარო დაწესებულებამ უზრუნველყოს კანდიდატის შერჩევისა და კარიერული განვითარების პროცესების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც გულისხმობს საზოგადოების ინფორმირებას კონკურსების პროცესისა და შედეგების თაობაზე;
ავტორი : გვანცა კილასონია
ბლოგი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
1 The Cambridge dictionary – definition of nepotism იხ. https://shorturl.at/jmopL წვდომის თარიღი : 29.09.2023
2 კორუფციაზე სისხლის სამართლის კონვენცია , იხ: https://rm.coe.int/16802ec982 წვდომის თარიღი 29.09.2023
3 საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.იხ: https://shorturl.at/HJ578 წვდომის თარიღი 29.09.2023
4 საქართველოს მთავრობის დადგენილება № 200 საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ, იხ: https://shorturl.at/hrX35 წვდომის თარიღი : 29.09.2023
5 Suzanne Mulcahy, PhD, Transparency International , ‘’ regulating nepotism : approaches and best practices’’ , 2015, გვ.4 იხ: https://shorturl.at/tzGQS წვდომის თარიღი 30.09.2023
6 გიორგი გახარია (პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დრო 8 სექტემბერი, 2019 – 18 თებერვალი, 2021 )
7 გიორგი გახარიას გამოსვლა იხ: https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/237869817668064/
8 საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, „კორუფცია საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება,“ 2019, იხ: https://rb.gy/6y10s წვდომის თარიღი: 30.09.2023
9 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება N1/3/534, II,
10 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/1/493, II, 1
11 Gary Angel , ‘’ Nepotism in the Workplace: What It Is, Why It's Bad, and How to Handle It’’ 2023, იხ: https://shorturl.at/lrvI1 წვდომის თარიღი : 01.10.2023
12 Suzanne Mulcahy, PhD, Transparency International , ‘’ regulating nepotism : approaches and best practices’’ , 2015, გვ.3 იხ: https://shorturl.at/tzGQS წვდომის თარიღი 01.10.2023
13 5 U.S. Code § 3110 - Employment of relatives; restrictions იხ. https://rb.gy/6y10s წვდომის თარიღი: 01.10.2023
14 Gary Angel , ‘’ Nepotism in the Workplace: What It Is, Why It's Bad, and How to Handle It’’ 2023, იხ: https://shorturl.at/lrvI1 წვდომის თარიღი : 01.10.2023
15 APS Values and Code of Conduct in practice Section 5: Conflict of Interest იხ: https://tinyurl.com/45sa8ens წვდომის თარიღი : 01.10.2023
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge